“ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ” – რა ხდება სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში

წინასაარჩევნო მოვლენათა ეპიცენტრში კვლავ ზუგდიდი მოექცა. ამჯერად, როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, პოლიტიკური დაპირისპირება არა ოპონენტ პარტიებს შორის, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” შიდა გუნდშია.  მმართველი გუნდის ოფისში აცხადებენ,  რომ შიდა არეულობა “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბშია გაჩაღებული. მათი განცხადებით, ერთმანეთს ქობალიასა და წითლიძე-ციკუტანიას გუნდები დაუპირისპირდნენ და რულოვსის შტაბის მართვის სადავეები მთლიანად ქობალიას გუნდმა აიღო; ის პირები კი, ვინც შტაბს ადრე ხელმძღვანელობდნენ, ახლა უკანა პლანზე არიან.
რა განხეთქილებაა “ნაციონალური მოძრაობის” გუნდში – ამის შესახებ “კვირამ” კითხვა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაუსვა. მელიას განცხადებით, მათ გუნდში დაპირისპირება არ არის.
“არანაირი საფუძველი აქვს იმას, რასაც თქვენ მეკითხებით. არანაირი დაპირისპირება გუნდში არ არის. საიდან მოიტანეთ. უსაფუძვლოა ეს კითხვები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის უფროსის, ლაშა გვასალიას თქმით, სანდრა რულოვსის შტაბში დაპირისპირება ჯერ კიდევ კანდიდატის წარდგენამდე დაიწყო, რადგან ადგილობრივები რულოვსის კანდიდატურას არ ელოდნენ. ამის გამო პარტიის წევრები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.
“ნაცები” ჯერ კიდევ კანდიდატის დაყენებამდე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როდესაც ქალბატონი სანდრა დააყენეს. ისინი სხვა კანიდატს ელოდებოდნენ, ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შემდეგი დაპირისპირება მოჰყვა შტაბის შემადგენლობის დაკომპლექტებას. ადგილობრივები განაწყენდნენ, რომ თბილისიდან ჩამოიყვანეს ხალხი”, – განუცხადა “კვირას” ლაშა გვასალიამ. ლაშა გვასალიას ინფორმაციით, თავად მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსიც შტაბის ადგილობრივ წევრებზე ნაწყენია და სწორედ ამის გამო აღარ მიიღო წინა არჩევნების დროს მეორე ტურში მონაწილეობა. “სანდრას აქვს პრეტენზიები შტაბის წევრებთან. ამბობს, რომ მათ გაყიდეს სანდრა, გაყიდეს “ნაცმოძრაობა” და შეეკრენ სხვას. თუ ვის შეეკრენ, ეს მას უნდა ვკითხოთ”, – აღნიშნავს ლაშა გვასალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები