„საქართველოს გენერალთა კლუბი“ განცხადებას ავრცელებს

0

 

„საქართველოს გენერალთა კლუბი“ პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გულისტკივილს გამოხატავს და მიიჩნევს, რომ 21 აპრილს ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის უთანხმოება საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ სტრუქტურებთან საკმაოდ არასასურველ და მთელი საქართველოსთვის მიუღებელ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ამ არასასიამოვნო და ქვეყნისთვის საზიანო ინციდენტის მიმართ, დარწმუნებულნი ვართ, საქართველოში მცხოვრები საღად მოაზროვნე ვერცერთი მოქალაქე გულგრილი ვერ დარჩება. შექმნილ დაძაბულ ვითარებაში არ შეიძლება, არ აღინიშნოს პრემიერმინისტრის, მთელი სახელმწიფო აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პროფესიონალიზმთან ერთად, კაცთმოყვარეობა და თავშეკავება გამოიჩინეს, რაც უდავოდ დასაფასებელია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა დადგინდეს და მიღებულ იქნას ყველა შესაბამისი, კანონიერი ზომა, რაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, აგრძნობინებს, რომ ცხოვრობს სამართლებრივ სახელმწიფოში და ნებისმიერი არასამართლებლივი ქმედება არ დარჩება რეაგირების გარეშე! ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმართულ ნებისმიერ პროექტს ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით და მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს და, როგორ მიუღებლადაც უნდა მიიჩნევდეს, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ქვების სროლით საკითხი ვერ გადაიჭრება!
პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში არაერთმა ვაინახმა გვაჩვენა ქვეყნისათვის თავდადების მაგალითი და ბევრი მათგანის თავგანწირვა, მომავალი თაობებისთვის დღესაც სამაგალითოა! ქისტების ეთნიკური, კულტურული თვითმყოფადობა ოდითგან საქართველოს გაძლიერებისკენ იყო მიმართული და გვჯერა, მომავალშიც ასე იქნება! ვერანაირი დესტრუქციული ძალა  შეძლებს, შუღლი ჩააგდოს ჩვენს შორის, მით უფრო ის, ვისაც ახლა გაახსენდა ჩვენი ქვეყნის ეს ღირსეული მოქალაქეები და თავისი უმისამართო ბოგინით, ცრუ დაპირებებით, არაფრისმთქმელი რიტორიკით ცდილობს, ამ თავისუფალი, დარბაისელი, გონიერი ხალხის ყურადღების მიქცევას! ჩვენსა და ვაინახებს შორის არ არსებობს პრობლემა და გაუგებრობა, რომელსაც მოლაპარაკების გზით ვერ მოვაგვარებთ, რადგან არსებობს ამის ნება!
გვჯერა, ყველაფერი დალაგდება, თავისი სახელი დაერქმევა და ჩვენ ისევ ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი