რა ხარვეზები აღმოაჩინეს ბათუმის გენგეგმის კონკურსთან დაკავშირებით

0

სამოქალაქო მოძრაობა ბათუმის გენგეგმის კონკურსთან დაკავშირებით მერიის დარღვევებზე საუბრობს. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა და მისი ღირებულება 1 101 694 ლარია. სამოქალაქო მოძრაობის აჭარის წარმომადგენლობის ლიდერის, გენრი დოლიძის განცხადებით, დარღვევებია როგორც სამართლებრივი, ისე – შინაარსობრივი კუთხით. როგორც “კვირას” სამოქალაქო მოძრაობიდან აცნობეს, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ პირობები მორგებულია კონკრეტული კომპანიის ინტერესებს; გარდა ამისა, ჩანს, რომ სახელმწიფო შესყიდვის გამომცხადებელი არ იცნობს მოქმედ კანონმდებლობას და საკონკურსო დოკუმენტაცია შედგენილია ძველი კანონმდებლობის მიხედვით.
“ამას მოწმობს შემდეგი ფაქტი: შესყიდვის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების წესების განახლება-შემუშავება. 3 ივნისიდან კი ძალაში შედის ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც განაშენიანების რეგულირების წესების დადგენის უფლება აღარ აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას. გამოდის, რომ ის, რაშიც ფულს ვიხდით, 3 ივლისიდან ძალადაკარგული და უვარგისია.
მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო პირობებით პრეცედენტს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო გამოცდილება, ევროპული კომპანიები, როგორც წესი, უარს აცხადებენ ისეთ კონკურსში მონაწილეობაზე, სადაც მოთხოვნილია ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების გასაჯაროება. ცხადია, აღნიშნული ბარიერია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც კომპეტენტურნი არიან და ასეთ არასაჭირო კომპრომისზე, ვვარაუდობთ, რომ არ წავლენ.
​გარდა ამისა, ტექნიკურ დავალებაში, სპეციალისტთა კვალიფიკაციის მოთხოვნაში წერია, რომ ურბანისტს/არქიტექტორს უნდა ჰქონდეს პროფესორის აკადემიური ხარისხი. მსგავს აკადემიურ ხარისხს არ იცნობს ქართული განათლებისა და მეცნიერების სისტემა, რადგან პროფესორი არის თანამდებობა და არა – ხარისხი.
შესაბამისად, ეს პუნქტი არის აბსურდული პირობა, რასაც, ბუნებრივია, ვერავინ დააკმაყოფილებს.
​სამოქალაქო მოძრაობამ ბათუმის მერიის წინააღმდეგ დღეს საჩივარი შეიტანა შესყიდვებისა და ტენდერების ელექტრონულ სისტემაში. სამოქალაქო მოძრაობა ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას, რის შედეგადაც მერიას დაევალება ხარვეზებისა და დარღვევების გასწორება, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და კონკურსის ხელახალი გამოცხადება”, – ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი