“ჰესების მოწინააღმდეგეებად ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები მოგვევლინნენ, რომლებიც ადრე ჰესების მშენებლობის პირველი მომხრეები იყვნენ”

0

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ჰესების მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებს.
მისი თქმით, მცირე, მწვანე ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„საქართველო რეალურად დამოუკიდებელი ვერასდროს იქნება, თუკი ჩვენ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები არ ვიქნებით. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი ენერგოდამოუკიდებლობაა. სწორედ ამიტომ ჰესების, მით უმეტეს მცირე, მწვანე ჰესების მშენებლობა, რომლებიც გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ.
მისივე განმარტებით, „საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, რომლებიც მზად არიან, ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგეტიკის დარგში კაპიტალი დააბანდონ. მეორე მხრივ, გვაქვს რეალობა, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში, კერძოდ, ჰესების მშენებლობის ნაწილში ინვესტორებს თავდაცვით რეჟიმში უწევთ ყოფნა, ეს ძალიან სამწუხაროა. კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია დიდწილად აბსურდულ არგუმენტებზეა დაფუძნებული და უკვე 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობაც კი ლამის მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აღიქმება”.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის განცხადებით, „საინტერესოა, რომ ჰესების მშენებლობის პირველ მოწინააღმდეგეებად სწორედ ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები მოგვევლინნენ, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინათ ჰესების მშენებლობის პირველი მომხრეები იყვნენ. მახსოვს, როგორ აჯილდოვებდა წლის მეწარმის ჯილდოთი წინა ხელისუფლება იმ ადამიანს, რომელმაც დარიალი ჰესი ააშენა, დღეს იმავე ბიზნესმენს ლამის ერის მოღალატედ აცხადებენ. ჩემთვის მიუღებელია, პოლიტიკური ქულების დაწერის გამო პრობლემა ექმნებოდეს ქვეყნის განვითარებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ისეთ დარგს, როგორიცაა ენერგეტიკა”.

„ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბიზნესის უფლებები, რაც არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს, ამით მოსახლეობის ინტერესები დაირღვევა. პირიქით, ენერგოუსაფრთხოება ნებისმიერი მოქალაქის ინტერესებშია ისევე, როგორც ახალი სამუშაო ადგილები, ფინანსური მდგრადობა, ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით და სხვ. თუ ეს ჰესები ასეთი საშიშია, თუნდაც, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მაშინ რატომ არის რომ ამ საკითხზე ყველაზე მეტად მზრუნავი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი აგრძელებენ ახალი მასშტაბური ჰესების მშენებლობას?”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი