„წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა არ დაზიანებულა და გადაადგილება უსაფრთხოა“

0

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი ახალი გზა რამდენიმე თვეში სარემონტო გახდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ გზაზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა“, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

წყნეთი-ბეთანიის გზის დასათვალიერებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი შენგელია, მშენებელი კომპანია და პროექტის განხორციელებაში ჩართული გერმანელი სპეციალისტი ადგილზე იმყოფებოდნენ და მედიის წარმომადგენლებს წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაასრულა. გზის რეაბილიტაციის პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად მოხდა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება.

საქართველოში პირველად დაინერგა ევროპული მეთოდი, რომელიც სპეციალური ბადეების დამონტაჟებას გულისხმობს. ეს ბადეები აჩერებს ინერციით მოძრავ ლოდებს. ასევე, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომლებიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს შემოსასვლელსა და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და უზრუნველყოფს გზის ავტომატურ ჩაკეტვას“, – აცხადებენ ფონდში.

მათივე ცნობით, მშენებლობის პროცესში მოხდა საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება, დადგინდა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელიც გათვლილია 8 ბალის სიმძლავრის სეისმურ ბიძგებსა და ჰიდროლოგიურ წნევებზე.

კომენტარები

კომენტარი