“მომივიდა შეცდომა” – ლევან ჯიბღაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა, 10 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის შეფასება მისთვის რთულია.
მსახიობმა მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, რომ იყვნენ ობიექტურები, რადგან, მისივე განმარტებით, არასწორად ინტერპრეტირებულმა სიტყვამ შეიძლება, გადაწყვიტოს როგორც მისი, ასევე – სხვა ადამიანის ბედიც.
„იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ შეფასება ძალიან რთულია. ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ნახავთ ჩემს ფოტოს, ჩემი კონტაქტებიდან გამომდინარე. არასოდეს მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით ცხოვრების არცერთ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც მომივიდა შეცდომა. არასდროს ვისარგებლებდი ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენით.
კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. სასამართლოზე მადლობა გადავუხადე ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ობიექტურები იყოთ, რადგან თქვენმა არასწორად ინტერპრეტირებულმა სიტყვამ შეიძლება. გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო არ არის სრულად დასრულებული, ასევე – ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი.
​ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, ჩემია და დანარჩენ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავთქვამ. ჩვეულებრივად, თბილისში, ორთაჭალაში მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, არაფრის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. ეს დაადასტურა გამოკვლევამ. ვიხვეწებოდი, დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას-მეთქი. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. ელემენტარულად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა.
მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არ დასრულებულა პროცესები, დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება, გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ – ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება, აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, – აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა.
ცნობისათვის, მსახიობი ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. წინასასამართლო სხდომა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე 4 ივნისს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები