საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა. მან მნიშვნელოვანი უწოდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრას და აღნიშნა, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის აღდგენასა და განმტკიცებაზე ისაუბრეს, რაც, მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, შეწყვეტილი იყო.
პრემიერის განმარტებით, ის უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით კვლავ ეწვევა გერმანიას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ბიზნესფორუმის გამართვა და გერმანულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა, დეტალურად გაეცნოს ინფორმაციას საქართველოს საინვესტიცო პოტენციალის შესახებ.
“გუშინ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ქალბატონ მერკელს შევხვდით. ჩვენ ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო საკითხები განვიხილეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ 2 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში კვლავ დავბრუნდები და გაფართოებული ფორმატით გავმართავთ შეხვედრას. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ გერმანიის სურვილია ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავება. სამწუხაროდ, მანამდე ჩვენს ურთიერთობებში გარკვეული ვაკუუმი არსებობდა. ჩვენ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისა და პირადად ქალბატონი მერკელის მხრიდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.