სასამართლომ შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დაკავებულ დირექტორს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დაკავებულ დირექტორს, ოთარ ცნობილაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მიმდინარე მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა.

დღევანდელ პროცესზე, ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ სასამართლოში ცნობილაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, 31 მარტს, ჭავჭავაძის 5 ნომერში მიწა ჩამოიშალა და 2 მუშა მოიყოლა. შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს “ხიმიჯ სერვის 2”-ის დირექტორი – 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები