“არ შეიძლება მოსამართლეთა კორპუსის ერთ ქვებში მოხარშვა. არ შეიძლება, მოსამართლეთა კორპუსს ერთბაშად ვაპატიოთ ყველა წარსული შეცდომა იმის მიუხედავად, რომ ისინი პატიებას არ ითხოვენ”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწემ, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ – კახა წიქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წიქარიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ აუცილებელია, სასამართლოში არსებული კლანის სრული ლუსტრაცია მოხდეს.
„მმართველი გუნდის პოლიტიკა სასამართლოსთან დაკავშირებით არის ძალიან სერიოზული საშიშროების შემცველი – შეიძლება ითქვას, კატასტროფისკენ მიმავალი. ეს პოლიტიკა, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმას, არ ეფუძნება სასამართლოში არსებულ რეალურ მდგომარეობას. რეალური მდგომარეობა არის ისეთი, რომ სასამართლოს მართავს კლანი. ეს არის იმ პირთა ჯგუფი, რომლებიც სასამართლოს მართავდნენ წინა ხელისუფლების დროს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაკვეთების მიღებასა და ამ დაკვეთების შესრულების ორგანიზებას სასამართლოში. ამას ისინი აკეთებდნენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის – ურჩი მოსამართლეების დასჯით, მორჩილი მოსამართლეების წახალისებით. იგივე ჯგუფი მართავს დღეს სასამართლოს. მათ აქვთ თავიანთი ქსელები, კომუნიკაციის ფარული არხები, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ, მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება ნებისმიერ საქმეზე, რომელსაც ისინი მოისურვებენ
რამდენად შესაძლებელია, ადამიანებს ვაპატიოთ ის, რის პატიებასაც ისინი არ ითხოვენ? ის, რასაც ისინი არ აღიარებენ? „ნაციონალური მოძრაობა აღიარებს, რომ სასამართლო იყო შემსრულებელი და მორჩილი; „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მოსამართლეები ცუდ საქმეებს ჩადიოდნენ, ისინი ასრულებდნენ ხელისფულების შეკვეთებს. პრაქტიკულად, საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს ამ თემაზე. ამ დროს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები გვესაუბრებიან, რომ მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ, რომ ისინი იყვნენ მხოლოდ ცუდი კანონების შემსრულებლები, ცუდი კანონების მსხვერპლი. აქ ძალიან საინტერესო შეკითხვა ისმის: რომელი ცუდი კანონების მსხვერპლნი იყვნენ? 2012 წლის შემდეგ კანონები, პრაქტიკულად, არ შეცვლილა. ერთადერთი კანონი, რომელიც შეიცვალა, იყო სასჯელთა შეკრების წესი. ის არ ახდენდა მნიშვნელოვან ზეგავლენას მოსამართლის დამოუკიდებლობაზე. დანარჩენი კანონები იგივეა. „ქართული ოცნება“ მოსამართლეებს პატიობს ყველაფერს იმის მიუხედავდ, რომ თავად მოსამართლეები არ ითხოვენ პატიებას. ეს არის ჩვენი პრობლემა“, – განაცხადა წიქარიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც სასამართლოში კლანის საქმიანობას აღწერს.
მთავარი საკითხი არის ის, რომ არ შეიძლება მოსამართლეთა კორპუსის ერთ ქვებში მოხარშვა. არ შეიძლება, მოსამართლეთა კორპუსს ერთბაშად ვაპატიოთ ყველა წარსული შეცდომა იმის მიუხედავად, რომ ისინი პატიებას არ ითხოვენ. აუცილებელია, მოსამართლეების დაყოფა მოხდეს გარკვეული მორალური შკალით, თუ ვის რა ცოდვა მიუძღვის წინა ხელისუფლების დროს. ორი კატეგორიის ხალხი: კარგი ორგანიზატორები და კარგი შემსრულებლები, რომლებიც წინა რეჟიმის დროს საუკეთესოდ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს, უნდა იყვნენ მხილებული და გაძევებული სასამართლო სისტემიდან. ჩვენ მივიღეთ საპირისპირო რეალობა. სასამართლო სისტემას მართავენ იგივე ორგანიზატორები, შემსრულებლები, რომლებსაც წინა ხელისეფლება საუკეთესოდ იყენებდა. ამის გარდა, სასამართლოში სხვა ხალხი არ არის? ჩინჩალაძისა და მურუსიძის მეტი არავინაა სასამრთლოში?
გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც აღწერს კლანის საქმიანობას სასამრთლოში. ბევრი მტკიცებულება არსებობს ამის შესახებ – რას აკეთებდა კლანი წინა მთავრობის დროს და რას აკეთებს კლანი დღევანდელი მტავრობის დროს. ბევრი მასალა არსებობს ამის შესახებ, ამას სჭრიდება შეკრება და კლანის სრული ლუსტრაცია”, – განაცხადა წიქარიშვილმა.
თამუნა შეყილაძე