ეკა ბესელია: რთულია, მოიძებნოს არგუმენტი, რატომ უნდა თქვას რომელიმე დეპუტატმა მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე უარი

„ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ დეპუტატს, თქვას, რომ კანონპროექტი არ მოსწონს, ან არ უნდა, რადგან ეს აპრიორი პირდაპირ ნიშნავს, იმას, რომ ხარ იუსტიციის საბჭოს იმ ჯგუფის ლობისტი, რომელმაც დაწერა 10-კაციანი სია“, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მისამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის კიდევ ერთი გამოცდა პარლამენტისთვის.

„მე მგონია, რომ ყველამ ახლა ძალიან სერიოზულად უნდა შეხედოს ამ პროექტს, რადგან ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც 13 დეპუტატის ხელმოწერით არის, მაგრამ ამ პროექტზე ჩვენთან ერთად იმუშავეს ჩვენმა ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, იურისტებმა, ადვოკატებმა. ჩვენ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, აშშ-ის ყველა რეკომენდაცია ავსახეთ ამ კანონპოექტში და ეს არის ერთობლივი, საკმაოდ დიდი ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიზანია ყველაზე მწვავე პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხი – როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა ხვალ. უზენაესი სასამართლო, რომელიც ბოლო ინსტანციის სასამართლოა, ყველაზე საუკეთესო მოსამართლეებს უნდა წარმოადგენდეს და ამ კანონპროექტით არის განსაზღვრული ეს. ამიტომ, ძალიან რთული იქნება, მოიძებნის არგუმენტები, თუ რატომ უნდა თქვას რომელიმე დეპუტატმა უარი, თუ ის არ არის იუსტიციის საბჭო ლობისტი პარლამენტში ამ კანონპროექტზე. ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ დეპუტატს თქვას, რომ ეს კანონპროექტი არ მოსწონს, ან არ უნდა, რადგან ეს აპრიორი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხარ იუსტიციის საბჭოს იმ ჯგუფის ლობისტი, რომელმაც დაწერა 10-კაციანი სია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტს განიხილავს. ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე  – არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

ეკა ბესელიასთან ერთად, პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები