წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებულ წესებში რამდენიმე ცვლილება გახორციელდა

საქართველოს მთავრობის დადგენილების ცვლილების შედეგად, ის სალიცენზიო პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, წიაღის მომპოვებელი ლიცენზიის მფლობელთა მიერ დეტალურად განისაზღვრა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ნორმატიულ დონეზე განისაზღვრა მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს მტვრის გაფრქვევისა და შიდა სასოფლო გზების დაზიანების რისკების შემცირებას.
გარდა ამისა, განისაზღვრა ობიექტის დამუშავებისას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და სხვა პირობები, რომელთა მიზანია წიაღისეულის მოპოვებისა და მისი თანმდევი პროცესების გამო გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შერბილება.
„წიაღის შესწავლის პროცესის წახალისების მიზნით, ასევე, გამარტივდა ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩასატარებლად რიგ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვები. წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეფასებით, ცვლილება წიაღის შესწავლით დაინტერესებულ სუბიექტებს ხელს შეუწყობს, ჩაატარონ უფრო სრულყოფილი და დეტალური კვლევები, რაც, თავისთავად, გაზრდის გეოლოგიური შესწავლის მაჩვენებელს და, შესაბამისად, დადებითად აისახება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის განახლების პროცესზე“, – აცხადებენ წიაღის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები