„თი ბი სი“ უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმა Payme-ს ყიდულობს

„თი ბი სი“ უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის, „Payme“-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, “თიბისი” 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება.
გახორციელებული ტრანზაქცია შესაბამისია “თიბისი ბანკის” საერთაშორისო სტრატეგიისა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული ოპერაციების გაფართოებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32-მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად, დაახლოებით, 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.
ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნესმომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, “თიბისი” უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკ Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.
„Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული mPOS დისტანციური გადახდებისა და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. „Payme“, ასევე, წარმოადგენს ზოგიერთი უზბეკური ბანკის სესხების საბაზრო პლატფორმას. „Payme“, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 70%-ით გაიზარდა.
„Payme“-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოების მიმართულებით. ამით ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილიონამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. „Payme“-სთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ გადახდების ბიზნესის გაფართოებასა და „Payme“-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას. მოხარული ვარ „Payme“-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით”, – განაცხადა „თი ბი სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თავის მხრივ, Payme-ს მმართველმა დამფუძნებელმა, როზმატოვ სარვარ ნაზრულაიევიჩმა განაცხადა, რომ მოხარულია რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით.

„მოხარული ვართ რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით, რომელსაც განვითარებული ციფრული შესაძლებლობები და დაინტერესება აქვს უზბეკეთთან მიმართებით. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ კომპანიას გადავიყვანთ შემდეგ ეტაპზე და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებსა და მომსახურებებს”, – განაცხადა Payme-ს მმართველმა დამფუძნებელმა როზმატოვ სარვარ ნაზრულაიევიჩმა. ამ ტრანზაქციის პროცესში, „თი ბი სი ბანკის“ ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი – Baker & McKenzie LLP, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურიდიული მრჩეველი.
®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები