“სიცრუეა, რომ, თითქოს, დაავადებული ხეების ნაცვლად ჯანსაღი ხეები იჭრება”

ინფორმაცია დაავადებულის ნაცვლად ჯანსაღი ხეების მოჭრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ისაუბრა.
მან მედიას დაავადებული ხეების ამსახველი ფოტომასალა აჩვენა, სადაც ხე ვიზუალურად ჯანსაღად გამოიყურება, თუმცა, რეალურად, მისი ქერქის ქვეშ სხვა მდგომარეობაა.
გიგა გიგაშვილის თქმით, დაავადებულ ხეებთან დაკავშირებით სამი კვირის წინ შედგა სპეციალური კომისიის სხდომა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დასწრებიან.
„დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ დაავადებული ფიჭვების ნაცვლად იჭრება ჯანსაღი ფიჭვები და, თითქოს, ეს ტერიტორიები უნდა იქნეს სამშენებლოდ გამოყენებული, რაც სიცრუეა. დაახლოებით სამი კვირის წინ იყო სპეციალური კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო ეს საკითხი. სხდომაზე მოწვეული იყო, როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე, ასევე, ყველა ჩართული სამსახური, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ის კვლევები, რომლებიც ასახავს დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ასევე, წარმოდგენილი იყო დედაქალაქის გეგმა, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას მუნიციპალიტეტი. აღსანიშნია, რომ არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამ შეხვედრას არ დასწრებია“, – განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.
მისი თქმით, ხეების დაავადება დადასტურებულია კვლევებით, რომელთა საფუძველზე დედაქალაქში სანიტარიული ჭრის მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს. მოჭრილი ხეების კი ახალი ნარგავებით ჩანაცვლდება.
„ყველა ტერიტორიაზე, ეს იქნება კერძო საკუთრება თუ მუნიციპალური, სადაც გახორციელდება სანიტარიული ჭრები, აუცილებლად მოხდება მათი ჩანაცვლება იმავე რაოდენობით ჯანსაღი ხეებით. მემორანდუმი, რომელიც გააფორმა დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიებთან, სწორედ ამას ემსახურებოდა“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები