რატომ არ მიმართა “გირგვლიანის საქმეზე” სააპელაციო სასამართლოს შალვა შავგულიძემ – “შევეცდები, გავცე პასუხი უსამართლო ბრალდებებს”

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, შალვა შავგულიძე “გირგვლიანის საქმესთან” დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს და ხსნის, თუ რატომ არ გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში.
“შევეცდები, მოკლედ გავცე პასუხი ამ უსამართლო ბრალდებებს. პირველი – რატომ არ გავასაჩივრეთ სააპელაციო ინსტანციაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება: იმჟამინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო, მოეთხოვა არც მსჯავრდებულის ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება, დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით. ჩვენ არ შეგვეძლო, სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რომლებიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და დაზარალებული მხარის ინტერესების დაცვის ინტერესებს შეესაბამებოდა. შეგვეძლო, მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, “გირგვლიანის საქმის” წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისათვის და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შავგულიძის თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაზარალებული მხარის არგუმენტები, სადაც დასაბუთებული იყო, თუ რატომ არ გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაიზიარა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე იყო, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის მისჯილი სასჯელის ზომა სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა.
“დღეს შარს დებენ მურუსიძეს და ახსენებენ, რომ ის ვალდებული იყო, პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა გამოსაძიებლად, რამეთუ ეს სასჯელი არ იყო საკმარისი იმ მკვლელობისათვის, რაც მოხდა. ამის უფლებაც არ ჰქონდა მურუსიძეს, იცით, რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაციაში. როგორ მოხდა, რომ ადვოკატმა შავგულიძემ, როცა დაბალი სასჯელი მიუსაჯა პირველ ინსტანციაში სასამართლომ, აპელაციაში საჩივარი არ შეიტანა. ეს საჩივარი რომ არ შეიტანა, სწორედ ამან არ მისცა საშუალება მურუსიძეს, რომ პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “პირისპირ” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები