გიორგი ანდრიაძე, „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავს

„ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის“ ხელმძღვანელი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ანდრიაძე სასამართლოს პარტია „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს და ამ ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს.
ამის შესახებ ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს, პირდაპირ ურტყამს ქართულ ჯარს, ქართველ ახალგაზრდობაში საბრძოლო სულისკვეთებასა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
„მართლმადიდებელი ახალგაზრდები იძულებულები გახდნენ, წასულიყვნენ და ხელი მოეწერათ არარსებული რელიგიური ორგანიზაციის წევრობაზე. თუ მთავრობა ამას ნორმალურად უყურებს, მაშინ რატომ ატყდა ისტერიკა. მე იმავე ტიპის მართლმადიდებლური თემი გავაკეთე, მოვლენ და აქ ჩაეწერებიან. ეს თემი არსებობს. ისტორიულად ჩამოყალიბებულია, ის არის გამოგონილი.
ამან დაარტყა ადამიანების რწმენას. ადამიანი რომ იძულებული იქნება, ხელი მოაწეროს არარსებულ, ანტიმართლმადიდებლურ ორგანიზაციას, ვინც მორწმუნეა, ეს მათთვის თამაში არ არის – ვინც მორწმუნე არ არის, იმისთვის სულ ერთია, ხელს რაზე მოაწერს. აქ ნომერ პირველი ქმედებაა ეკლესიის უარყოფა და სხვაგან გაწევრიანება. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. საომარ სიტუაციაში ხარ, წარამარა რუსეთი აგეკრია პირზე და ქმნი ნიჰილისტურ ჯგუფს და წვევამდელებს უშვებ პაციფისტურ ცენტრში. ეს ქვეყნის ღალატია ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ანდრიაძემ.

ანდრიაძის თქმით, მის მიერ დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაცია თურქეთში არსებულ ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას წარმოადგენს. როგორც ანდრიაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებს შეუძლიათ, „გირჩის“ ორგანიზაციიდან „კატაკომბურ ეკლესიაში“ გადმოეწერნონ და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ასე გათავისუფლდნენ. მანვე განმარტა, რომ ეს დროებითია და როგორც კი „ბიბლიური თავისუფლება“ გაუქმდება, „კატაკომბური ეკლესია“ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას გააუქმებს.
„ადამიანები, რომლებიც „გირჩის“ შარლატანური მაქინაციით აღმოჩნდნენ სექტაში, ისევ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები გახდებიან.
„გირჩმა“ დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. საქართველოს კნონმდებლობითაც არ შეიძლება ეს. უკანონოდ მოხდა მისი რეგისტრაცია. ამ რეგისტრაიის გამო, რა თქმა უნდა, დიდი ზიანი მიადგა ქართულ ჯარს, დარტყმა მიადგა, ასევე, საქართველოს ეკლესიას იმის გამო, რომ არარსებულ, გამოგონილ, ანუ შარლატანურ ორგანიზაციაში ხდება ახალგაზრდების ჩაწერა და ვერ მიდიან ჯარში. ეს ახალგაზრდები ფორმდებიან ამ სექტაში. ანუ „გირჩი“ დღეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდული რელიგიური ორგანიზაცია, მაგრამ ვინაიდან ეს ყველაფერი კანონდარღვევით მოხდა, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და ის მოვალეა, გააუქმოს ეს ორგანიზაცია. მომზადდა სარჩელი, ვითხოვთ „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციის ბათილად ცნობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კანონდარღვევაში ვგულისხმობ შემდეგს – როცა ჩვენ გავატარეთ კატაკომბური ეკლესია, რომელიც არის ისტორიულად ჩამოყალიბებული მოვლენა, ამაზე უამრავი ლიტერატურაა ყველანაირ სფეროში, მართლმადიდებულურ სამყაროში, პროტესტანტულ სამყაროში, რეგისტრაციის ორგანოში რამდენიმე ჩასწორება მოგვთხოვეს; ასევე, მოგვთხოვეს ამ ლიტერატურის წარდგენა. ჩვენი წარდგენილი ლიტერატურა იძიება ინტერნეტში. საქართველოს კანონმდებლობით გამოგონილი, შარლატანური ორგანიზაციის რეგისტრაცია არ შეიძლება.
„კატაკომბური ეკლესია“ – ეს ორგანიზაცია არის თურქეთში მცხოვრები ფარული ქრისტიანების ორგანიზაცია. ეს ხალხი რეალურად არსებობს. აქვთ საკუთარი ძალიან ლამაზი ტრადიციები. ლისის ტბაზე მიწის ნაკვეთები იყიდეს. მათზე არის ფილმი გადაღებული. ეს არის ძალიან საინტერესო ეთნო-რელიგიური ჯგუფი, წარმოშობით ქართველები არიან და საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს ქრისტიანობა თურქეთის სახელმწიფოში.
ეს ხელისფულებაც და წინა ხელისუფლებაც უამრავ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ გადაწყვეტილებას იღებდა. მათ შექმნეს „გირჩი“ და ხელს უწყობენ მის არსებობას. ეს ყველფერი ურტყამს ქართულ ჯარს, საბრძოლო სულისკვეთებას ქართველ ახალგაზრდობაში და, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიას”, – განაცხადა ანდრიაძემ.
მისივე თქმით, სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონი უნდა შეიცვალოს.
„პარლამენტსაც მივმართავ, შექმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხებს. მასში მოხვდება „გირჩის“ თემაც. მოვითხოვთ, გადახედონ კანონს, რომ ჯარიდან არ გარბოდნენ ახალგაზრდები – პირიქით, ჯარში უხაროდეთ წასვლა.

მე ვარ პოლიტიკური ფიგურა, ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი და პროგრამაში მიწერია ის, რომ მილიტარისტული სახელმწიფოს მომხრე ვარ, როგორიც არის ისრაელი, შვეიცარია. მაგრამ როცა სახელმწიფო, ხელისუფლება უსინდისო მეთოდებით თამაშობს, ეს არის თამაში, რასაც „გირჩი“ აკეთებს. ჩვენ ამას პასუხს პოლიტიკური მეთოდებით ვაძლევთ. მათ უნდა შეაჩერონ ეს პროცესი. ჩემი კრედო არის პროფესიული არმია და შვეიცარიის მოდელი. ეს არის საყოველთაო, სავალდებულო გაწვევა მამაკაცებისთვის. ყველა მამაკაცი ვალდებულია, ყოველ წელიწადს გაიაროს ერთთვიანი სამხედრო მომზადება – ჯიპიანი ბიძიებიც, ჯიპიანი სტუდენტებიც და არამარტო საცოდავი, უფულო სტუდენტები უნდა გარეკონ დარაჯებად. ჩემი მოდელია ის, რომ ჯარი და სამშობლოს დაცვა ეკუთვნის ყველა მამაკაცს“, – განაცხადა ანდრიაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები