კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
მისივე თქმით, ოჯახების დაკმაყოფილება სარეიტინგო ქულით მოხდა. ​მერის განმარტებით, პირველ ეტაპზე, ბინა იმ ადამიანებს გადაეცემათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. 3 000-მდე ოჯახია დაზარალებული, რომელთაც პირობა მივეცით, რომ აღნიშნულ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. მახსოვს, არჩევნების წინ უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, უამრავი ადამიანი მოდიოდა ამ პრობლემით. გულწრფელად ვიტყვი, არავის სჯეროდა, რომ ჩვენ ამ პროექტის გახორციელებასა და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში, საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ. ერთდროულად ყველა ოჯახის დაკმაყოფილება ვერ მოხდება. ამიტომ, მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, პირველ ეტაპზე, იმ ადამიანებისთვის მოხდება ბინების გადაცემა. ჩვენ, ასევე, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა ადგილზე და, მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც ეს კორპუსები აშენდება, ფართებით, დაახლოებით, 300 ოჯახი დაკმაყოფილდება. მინდა, მივმართო ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდნენ და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ასევე, მინდა, იმ 57 ოჯახს მივულოცო, რომელსაც საცხოვრებელ ფართებს დღეს გადავცემთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები