კახა ძაგანია: შალვა ნათელაშვილს სურს, თავისი ტაქსების ბიზნესი დაიცვას, ის ტაქსისტების პროტესტს იყენებს

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნის, კახა ძაგანიას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ცდილობს, თბილისელ ტაქსისტებში უკმაყოფილების ტალღა ააგოროს, მათი გულწრფელი სოციალური მოთხოვნები გამოიყენოს და ისინი ქუჩაში გამოიყვანოს. ამის შესახებ ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნათელაშვილს ტაქსების სფეროში პირადი ინტერესები აქვს. როგორც ძაგანიამ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ტაქსების კომპანია აქვს და ტაქსებს დუშეთი-თბილისის მარშრუტზე ამუშავებს.
„არსებობენ ორსახა იანუსის პოლიტიკოსები საქართველოში. ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია შალვა ნათელაშვილი, რომელიც თავის დროზე, ვითომდა, ებრძოდა შევარდნაძეს. ამ დროს, საკნებში სიკვდილმისჯილი ზვიადისტები ელოდნენ დახვრეტას და მან სიკვდილით დასჯის გაუქმების წინააღმდეგ მისცა ხმა პარლამენტში. როცა საკრებულოში, ვითომ, ებრძოდა სააკაშვილს, მართლაც რეიტინგული პარტია გადავიდა, დაუთმო „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია დაშალა, მიყიდა მერაბიშვილს. მაშინ, როცა, ვითომ, ბანკებს ებრძოდა, თავად მევახშეობით იყო დაკავებული და წლიურ 60 %-ში ასესხებდა თანხებს. დღესაც, ვითომ, მხარს უჭერს ტაქსის მძღოლებს და თავად არის ამ ბიზნესით დაკავებული თბილისი-დუშეთის მარშრუტზე. ტაქსები ჰყავს ჩამოყვანილი და ატაქსავებს. მეორე მიზეზი ამ საპროტესტო მუხტის გამოყენებისა არის ის, რომ წინასაარჩევნოდ შექმნას მძიმე, არეული მდგომარეობა. როგორც ჩვენ გავიგეთ, შალვა ნათელაშვილი „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვინმე ბესო გაზდელიანისგან იღებს დავალებებს. ის დაანონსებული აქცია, რომელიც ხვალ იქნება, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ნათელაშვილმა თავისი ტაქსების ბიზნესი დაიცვას და ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა აურიოს, რათა შუალედური არჩევნები აქციების ფონზე ჩატარდეს. დავალებებს პირდაპირ იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერისგან, ბესო გაზდელიანისგან.

როგორც ვიცით, მერიასა და ტაქსების მძღოლებს შორის უკვე მიდის მოლაპარაკებები. მერიას მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ტაქსის მძღოლების სამართლიანი მოთხოვნები და ვფიქრობთ, მშვიდობიანად, ეკონომიკურად სარგებლიანად დამთავრდება მოლაპარაკებები მერიასა და მძღოლებს შორის. არ არის საჭირო ასეთი საკითხების მიტინგების ფონზე გადაწყვეტა“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.

მისივე თქმით, თუ მერიასა და ტაქსისტებს შორის პრობლემა არ მოგავრდება, „მემარცხენე ალიანსი“ სასამართლოს მიმართავს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები