“ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, უბრალოდ, სირცხვილია”

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტროში არსებული ვითარება მოვაწესრიგოთ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე ტენდერი ცხადდება.
“დღეს ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. ოთხი ახალი შემადგენლობა გვეყოლება. 20 მილიონია ამისთვის გამოყოფილი. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ მოცდის დრო 3 წუთზე ნაკლები გავხადოთ. ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ზიარდება ფოტოები მეტროში არსებულ სიტუაციაზე. ხშირია ინფორმაციები მეტროს ვაგონების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში, სათანადო თანხები არ იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შემთხვევითი არ არის, რომ 2018-2019 წელს 100 მილიონი მეტროზე დაიხარჯება. 70 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის მოცემული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტროში არსებული ვითარება მოვაწესრიგოთ და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დედაქალაქის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოაწესრიგებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იქნება ასეთი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მეტროს ვაგონების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევების ბოლო წლების სტატისტიკაც წარმოადგინა.
მისი თქმით, 2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის – მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა. 2018 წელს 305 დაზიანება იყო, ასევე, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს კი გვაქვს 100 შემთხვევა, მათ შორის – მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროში მგზავრების რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი.
“2016 წელს დღეში, საშუალოდ, მგზავრთა რაოდენობა იყო 273 ათასი, 2019 წელს ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 100 ათასით. გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, მეტრო და ავტობუსები იყოს ყველანაირად მოწესრიგებული. ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო – ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება, უბრალოდ, სირცხვილია, ხან ტენდერი ვარდება. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, გაკეთდეს პირდაპირი შესყიდვები. ერთი წელი გავიდა და სადგურ „ვარკეთილის“ ჭერი ვერ გაგვიკეთებია. სირცხვილია. იმოქმედეთ სწრაფად“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები