ლეილა ვეფხვაძე: გამსახურდიამ და კოსტავამ გვთხოვეს, “სალაღობო” გვემღერა, რადგან ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც სიკვდილსაც სიმღერით ხვდებაო

9 აპრილის აქციის უსინათლო მონაწილე, ლეილა ვეფხვაძე, რომელიც დარბევისას ცნობილ სიმღერას – „სალაღობოს“ ასრულებდა, 30 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. როგორც მან აღნიშნა, ტანკების გამოჩენის შემდეგ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თხოვნით სწორედ ეს სიმღერა დაიწყეს.
„თუმცა, გამოჩნდა ტანკები რუსთაველზე. ბატონმა ზვიადმა და მერაბმა გვთხოვეს – გოგოებო, ძალიან გთხოვთ, ეს სიმღერა დააგუგუნეთო, რადგან ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც სიკვდილსაც სიმღერით ხვდებაო. ჩვენ ეს შევძელით, ბოლომდე ვიმღერეთ ეს სიმღერა, მაგრამ კაბელი გაწყდა და არ ისმის ბოლომდე.
საკმაოდ ტკივილიანია 9 აპრილის გახსენება. მე გული მწყდება, რომ ისეთი არ არის საქართველო, რაზეც ვოცნებობდით, როგორიც გვინდოდა. როცა ტანკები გამოჩნდა, მაშინაც კი, როცა ხალხმა ზევით ამოიწია და, ფაქტობრივად, კედელს გავეკარით, იმაზე ფიქრობდნენ, რომ სხვისთვის ეშველათ, როგორმე გზა მიეცათ სხვისთვის“, – ამბობს აქციის მონაწილე, ლეილა ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა და გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წელს კი 9 აპრილი “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ” გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები