ღვინის მწარმოებელი კომპანიები – „ეთერში გასული სიუჟეტის გამო, ჩვენს საქმიანობაში წარმოიშვა შემაფერხებელი გარემოებები“
ღვინის მწარმოებელი კომპანიები – „ბოლერო ენდ კომპანი“, „ძმები ასკანელები“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ამა წლის 23 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის მიზანიც ჩვენი კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. კერძოდ, სამივე კომპანია იქნა დადანაშაულებული ხორბლის სპირტის შერევით ღვინის სპირტის ფალსიფიცირებასა და ამ ფალსიფიცირებული პროდუქტის ექსპორტში. აღნიშნულთან დაკავშირებით სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ:
სიუჟეტში დასახელებული სამი კომპანიიდან ორს, „დუგლაძეებსა“ და „ძმებ ასკანელებს“ არანაირი შეხება სპირტის იმპორტთან არ ჰქონია და არ აქვს.
„ბოლერო ენდ კომპანის“ აქვს ღვინის სპირტის საკმარისი მარაგები, რომლებიც დაგროვილია 2006-2013 წლებში. სწორედ ამ მარაგებიდან ხდება უმაღლესი ხარისხის ღვინის სპირტის ექსპორტი (ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში).
აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ჩვენი კომპანიების ექსპორტზე გატანილ პროდუქციას ამოწმებს მიმღები მხარის უმაღლესი კლასისა და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ლაბორატორიები, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს ფალსიფიცირებული საქონლის ექსპორტს.
მიუხედავად ამისა, „რუსთავი2-ის“ ეთერში გასული სიუჟეტის გამო, ჩვენს საქმიანობაში წარმოიშვა მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რაც უკვე საგრძნობ ზარალს აყენებს ბიზნესს. მავანმა ამ ყალბი სიუჟეტის ტექსტი თარგმნა და მიაწოდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რასაც მოჰყვა გაუთვალისწინებელი სირთულეები ჩვენს საქმიანობაში.
ჩვენი კომპანიები ორიენტირებულია არა მხოლოდ კომერციულ მოგებაზე, არამედ – ქართული ღვინისა და ღვინის პროდუქტების პოპულარიზაციაზე, რასაც ახალ ბაზრებში შეღწევა და დარგის განვითარება მოჰყვება. ზემოაღნიშნული ყალბი სიუჟეტები აზიანებს არა მარტო კონკრეტულად ჩვენი კომპანიების საქმიან რეპუტაციას, არამედ ჩრდილს აყენებს მთელ ქართულ მეღვინეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.