თბილისის მერიაში სკოლის მოსწავლეებს თბილისის ტრანსპორტის პრიორიტეტები გააცნეს

თბილისის მერიაში ქუთაისელი უფროსკლასელებისთვის 2019-2021 წლებში თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსწავლეებთან შეხვედრა დედაქალაქის მერიისა და ორგანიზაციის – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანამშრომლობის საფუძველზე გაიმართა, რომლის მიზანიც მოზარდებისთვის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაცნობაა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება და მგზავრის ინტერესებზე მორგება. უახლოეს მომავალში, მერია უკვე შეძენილ 90 ერთეულ „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსს მიიღებს და ამავდროულად, გამოცხადებულია ტენდერი 220 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე. გარდა იმისა, რომ ყველა ყვითელი ავტობუსი ახლებით ჩანაცვლდება, გათვალისწინებულია ავტობუსების პარკის მნიშვნელოვნად გაზრდა.
თბილისის მეტროპოლიტენსაც ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება. რამდენიმე თვეში, მერია ფრანგული კომპანია „სისტრასგან“ თბილისის ახალ სამარშრუტო სქემასაც მიიღებს, რომლის საფუძველზეც ავტობუსების, მეტროპოლიტენისა და მიკროავტობუსების ერთმანეთთან სინქრონიზაცია მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები