დავით ზალკანიანი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ანტი ტურუნენს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჟენევის მოლაპარაკებების 17-18 ივნისს დაგეგმილ 28-ე რაუნდზე განსახილველი ძირითადი საკითხები, ასევე იმსჯელეს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე. 26 მაისს ანტი ტურუნენი, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის რანგში იმყოფებოდა ქ. სოხუმში. ხაზგასმით აღინიშნა მოლაპარაკებების დაგეგმილი რაუნდის შეუფერხებლად ჩატარების მნიშვნელობა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის მზადყოფნა.
აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს კომუნიკაცია ექნება ჟენევის მოლაპარაკებების სხვა თანათავმჯდომარეებთანაც.