ცაგერში, ნათია თურნავამ „ჯონოული 1″ ჰესი ოფიციალურად გახსნა
ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე მცირე სადგური „ჯონოული 1″, რომელიც, რამდენიმე თვეს, სატესტო რეჟიმით მუშაობდა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა; ჰესის უცხოული ინვესტორი, ჩეხური კომპანია GEEN F.I. -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ,ალეს მოკრი და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გიორგი გონაძე დაესწრნენ.
„ჯონოულიჰესი 1″ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში მდინარე ჯონოულზე მდებარეობს, რომლის დადგმული სიმძლავრე 1,8 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 6 მლნ.კვტ/სთ – ია. ინვესტიციამ 4,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„მართალია, „ჯონოულიჰესი 1″ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.
მისი თქმით, აღნიშნულმა სადგურმა, სიმცირის მიუხედავად, ადგილობრივ მაცხოვრებლებს უკვე დიდი სიკეთე მოუტანა.
„ინვესტორმა გაახორციელა სხვადასხვა პროექტი ადგილობრივი თემისთვის, მათ შორის, 11 კმ გადამცემი ხაზი გაკეთდა, რომელმაც მიმდებარე სოფლების ელექტრომომარაგება გააუმჯობესა. ასევე, მოწესრიგდა გზა და იგეგმება სხვა სოციალური პროექტების გახორციელება. უახლოეს მომავალში, ჩვენ არაერთი მსგავსი პროექტის გახსნა გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
“საქართველოს ბაზარზე ინვესტირებa სამი წლის წინ გადავწყვიტეთ. ჩვენი ჯგუფი ჩართულია განახლებადი რესურსებით ელექტროენერგიის მიღებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან და ახლა საქართველოს ჯერიც დადგა. ჩვენი პირველი პროექტი საქართველოში 2 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა”, – განაცხადა ჩეხური კომპანია „GEEN F.I.” -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეს მოკრიმ. „ჩვენ საქართველოს ღია ბაზარი ავირჩიეთ, ვინაიდან აქ უამრავი შესაძლებლობა დავინახეთ. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა-განვითარების მხრივ უდიდესი პოტენციალია. საქართველოში ინვესტირების მეორე და უაღრესად მნიშვნელოვანი უპირატესობა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორების ცალსახა მხარდაჭერაა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ”, – განაცხადა „ჯონოული 1″ ჰიდროელექტროსადგურის ჩეხმა ინვესტორმა.
აღსანიშნია, რომ ჰესის მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, უშუალოდ სადგურზე კი 4 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უზრუნველყო ინვესტორმა კომპანიამ.