დღეს ბელა მირიანაშვილი 81 წლის გახდებოდა
1 აპრილს, საქართველოს დამსახურებული არტისტი ბელა მირიანაშვილი 81 წლის გახდებოდა.
დაიბადა 1938 წლის 1 აპრილს, თბილისში. გარდაიცვალა 1992 წლის 28 აგვისტოს. 1960 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1974 წლიდან მუშაობდა რეჟისორ რობერტ სტურუას ასისტენტად.
სტუდენტობის დროს სამოსწავლო სპექტაკლებში შეასრულა შემდეგი როლები: გალინკა (ა. აფინოგენოვის „მაშენკა“), ჟანეტა (ა. ჟერის „მეექვსე სართული“), ლუდმილა (მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“), კეროლი (ჯ. პრისტლის „დრო და კონვეის ოჯახი”), აბიგაილი (ე. სკრიბის „ჭიქა წყალი“), მიგენი (ჯ. გოლსუორსის „ვაშლის ყვავილობა”);
1960 წლიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე შეასრულა: მაგდა (ს. კლდიაშვილის „ქარიშხალში“), თამრიკო (ე. კანდელაკის „ქართლის ჩირაღდნები“), მზია (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა”), გულიკო (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“), სონა (ა. ცაგარელის „ხანუმა“), ელენე (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი”), ქეთინო (ვ. როზოვის „ვახშმობის წინ“), პაკი, კორდელია (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი”, „მეფე ლირი”), ელენ კილერი (უ. გიბსონის „სასწაულმოქმედი“), ვერა (ბ. ბლაჟეკის „მესამე სურვილი“), უფლისწული (ეგზიუპერის „პატარა უფლისწული”), ელენე (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი“), ლაურა (ტ. უილიამსის „შუშის სამხეცე“);
კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: თებროლე („საბუდარელი ჭაბუკი“, 1957 წ.), ლიანა („წარსული ზაფხული”, 1958 წ.), ლამარა („დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, 1959 წ.), ნანი („უდიპლომო სასიძო”, 1961 წ.), რუსუდანი („ცეროდენა რაინდები“, 1960 წ.); სატელევიზიო სპექტაკლებში განასახიერა: ჩიპოლონი (ჯ. როდარის „ჩიპოლინო“), ქეთინო (ჭ. ამირეჯიბის „ველოსიპედი“), ანგელოზი (მ. ჯალიაშვილის „თეთრი ანგელოზი“).