საქსტატი: თებერვალში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.6 პროცენტს გაუტოლდა
2019 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იანვარ-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 4.1 პროცენტით განისაზღვრა. უწყების ცნობით, 2019 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში. მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის, ეკონომიკურმა ზრდამ 4,5 პროცენტს უნდა მიაღწიოს.