ლევან სურგულაძე: საპენსიო ფონდის გაკოტრება გამორიცხულია
„საპენსიო ფონდის გაკოტრება გამორიცხულია“ – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
ლევან სურგულაძემ დაგროვებითი პენსიის შესახებ ისაუბრა და სხვა ქვეყნების მაგალითები გაიხსენა.
„სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, ევრო გაერთიანების თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს ეს სისტემა, დაგროვებითი. იქ პროცენტები 8,10%-დან იწყება შენატანები და სახელმწიფო მხოლოდ 5 ქვეყანაში მონაწილეობს და მეხუთე საქართველოა. პოლონეთის მაგალითი არ არის რელევანტური იმიტომ რომ პოლონეთში იყო ორი სისტემა. ერთი იყო სოლიდარობის პრინციპზე დამყარებული სისტემა როდესაც თქვენ დღევანდელი მომუშავე თაობა იხდის გადასახადს და ეს გადასახადები ხმარდება დღევანდელი პენსიონერების საჭიროებებს და ასევე დაგროვებითი ფონდი. პოლონეთში პრობლემა შეექმნა ზუსტად სოლიდარობის პრინციპზე დამყარებულ საპენსიო ფონდს და არა ვთქვათ დაგროვებითს. ფონდის გაკოტრება არის გამორიცხული, იმიტომ რომ ინვესტირება ხდება მაღალი დონის პროფესიონალების მიერ. ეს იქნება დივერსიფიცირებული ფონდი“ – განაცხადა ლევან სურგულაძემ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ფონდის მომავალ საქმიანობაზე ისაუბრა: „გამოცხადებული გვაქვს ვაკანსიები საინვესტიციო საბჭოს წევრობის თანამდებობაზე. ეს პირები იქნებიან მაღალი რანგის პროფესიონალები, ამ საქმეში დიდი გამოცდილებით და ასევე შევარჩევთ უფროს საინვესტიციო ოფიცერს, რომელიც უშუალოდ განახორციელებს საინვესტიციო პროცესს. პორტფელი იქნება დივერსიფიცირებული, იქ ერთი კომპანიაც რომ გაკოტრდეს ეს ფონდს არანაირად არ დაარტყამს, იმიტომ რომ რისკები იქნება დათვლილი, ზუსტად შეფასებული. ყოველ დღე მოხდება რისკების მონიტორინგი და რაოდენობრივი შეფასება. კონტროლი, უბრალოდ არ მისცემს საშუალებას საინვესტიციო სამსახურს აიღოს იმაზე მეტი რისკი, რაც იქნება გაწერილი საინვესტიციო პოლიტიკაში და ეს პროცესები ძალიან მკაცრად გაკონტროლდება. ამ ფონდის გაკოტრება გამორიცხულია“ – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.