გიორგი ქობულია: მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ პროექტებს, რომლებიც თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებთან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში, „აქსის თაუერსის” სავაჭრო სივრცის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი”, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი”, ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები ამოქმედდება.
როგორც გიორგი ქობულიამ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, პროექტი სრულად შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს.
„მივესალმები ამ პროექტს, რომელიც, პრაქტიკულად, სრულ თანხვედრაშია მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებთან, მათ შორის არის ტურიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იქნება „პულმანის” სასტუმრო და შეიქმნება ახალი ატრაქციები როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე – ტურისტებისთვის. როგორც ვიცით, აქ იქნება შესანიშნავი გასართობი ცენტრი, საერთო საზოგადოებრივი სივრცე და ისეთი ჰიპერმარკეტი, როგორიც „აგროჰაბია.” რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს არა მარტო თბილისის იერსახისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, არამედ ეხმარება მთლიანად ჩვენს ეკონომიკას. ასეთი პროექტი გვჭირდება ბევრად მეტი და მუდამ მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი პროექტების ინიციატორები და ორგანიზატორები იქნებიან მომავალში”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
„აქსის თაუერსის” სავაჭრო სივრცე ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერსის” შენობაშია განთავსებული. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „აქსის თაუერსი” 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს, ესენია: 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი”, ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი და კომერციული ფუნქციები. ასევე, იგეგმება საგამოფენო და რეკრიაციული სივრცეების მოწყობა
მათივე ინფრომაციით, „აქსის თაუერსის” მშენებლობა 2019 წელს დასრულდება, მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება კი ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას. პირველ ეტაპზე, გაიხსნა სავაჭრო ცენტრი, სადაც პირველი, ქართული სოფლის ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი” განთავსდება.
„აქსის თაუერსი” თანაინვესტირების ფონდთან თანამონაწილეობით აშენდა და მისი მთლიანი ინვესტიცია 92 მლნ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები