“ხშირად, აქცენტი კეთდება, რომ მოხდა ყაჩაღობა, მკვლელობა და საუბარი აღარ გრძელდება, რა რეაგირება მოჰყვა ამას პოლიციისგან – დაუსჯელი არცერთი ქმედება რჩება”

“ძალიან ხშირად, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მოხდა ყაჩაღობა, მკვლელობა, ძარცვა და საუბარი აღარ გრძელდება, რა რეაგირება მოჰყვა ამას პოლიციისგან”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ქვეყანაში დანაშაულის ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი გაიხსნა, დამნაშავეები დაკავებულნი არიან და მათ სასჯელი ელოდებათ.
„გასული დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. ძალიან ხშირად აქცენტი ხდება იმაზე, რომ მოხდა მაგალითად ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, თავისუფლების აღკვეთა. სამწუხაროდ, შემდეგ საუბარი აღარ გრძელდება, თუ რა რეაგირება მოაყოლა ამას პოლიციამ. ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ამ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორია ამ ფაქტებზე პოლიციის რეაგირება. აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში მედიაში გადაიცა – გაიხსნა. დამნაშავეები არიან დაკავებულები, მათ შეეფარდათ პატიმრობა და ძალიან მკაცრი სასჯელი ემუქრებათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია – დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი”, -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება დანაშაულის ზრდის სტატისტიკას – ნათია მეზვრიშვილის თქმით, ზოგ შემთხვევაში, მიზეზი არის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება; ზოგ შემთხვევაში, რეალურად, პრობლემა არსებობს. მისივე თქმით, საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ გამოსწორდა და პრაქტიკაში ამის აღსრულება ხდება. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ბოლო დროის სტატისტიკა საფუძველი არ უნდა გახდეს იმისა, რომ ყველა დანაშაულთან მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდეს. მისი თქმით, მსგავსი მიდგომით პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. „ჩვენ თუ ამ ისტერიკაზე დავაფუძნებთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, გამოვვარდებით და ვიტყვით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა და, მოდი, ახლა ნულოვანი ტოლერანტობა იყოს ყველა დანაშაულთან მიმართებით, ვიტრიალებთ იმავე წრეზე. გავა წლები და პრობლემა იგივე იქნება. ამიტომ არ გვინდა, ეს გავაკეთოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმებით, საქმიანობის ხარისხობრივი გაუმჯობესებით, ახალი კანონების მიღებით, სანქციების გამკაცრებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას”,- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები