„კოკო არქიტექსის“ სამუშაო ჯგუფი საქართველოს აპრილში ეწვევა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაგებობების რენოვაციის პროცესის დაწყებას გეგმავს. პროექტი, რომელიც XX საუკუნის რამდენიმე მასშტაბური ობიექტის ვიზიტორებისთვის გათვალისწინებულ შემეცნებით და გასართობ ზონებად ადაპტირებას გულისხმობს, სამომავლოდ, მოდერნიზებული სივრცეების ევროპის კულტურულ მარშრუტებში გასაწევრიანებას შეუწყობს ხელს.
პირველადი კონსულტაციების შედეგად, შერჩეულია საორიენტაციო დარგობრივი მიმართულებები, რომლებსაც, სამომავლოდ, პროექტი მოიცავს. პოტენციურ სფეროებად მძიმე სამრეწველო, ენერგეტიკული და აგრარული სექტორები განიხილება.
მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებში შემეცნებით-სანახაობრივი სივრცეების მოწყობის კონცეფციაზე მუშაობას სააგენტო ესტონურ კომპანია „კოკო არქიტექსთან“ ერთობლივად დაიწყებს და პროცესს მსხვილ საწარმოთა მესაკუთრეებთან თანამშრომლობით წარმართავს. სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით, „კოკო არქიტექსის“ სამუშაო ჯგუფი საქართველოს მიმდინარე წლის აპრილში ეწვევა.
უცხოური გამოცდილების საფუძველზე, მსხვილი ინდუსტრიული სივრცეების შემეცნებით-სანახაობრივი მიმართულებით რენოვაციის იდეას სააგენტო შემეცნებით-სამეცნიერო და ეკონომიკურად მიზანშეწონილ პროექტად განიხილავს.
ესტონეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი დეტალურად გაეცნო ტალინის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაგებობათა რეაბილიტაციის რამდენიმე პროექტს, რომელსაც „კოკო არქიტექსი“ ახორციელებს.
ესტონურ მხარესთან თანამშრომლობის პროცესი ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიური მონაწილეობით წარიმართება.
„კოკო არქიტექსთან“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. ესტონური კომპანიის მიერ უკვე მომზადდა ენგურის ტურისტული ზონის მოწყობისა და გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმის მუზეოგრაფიის საპროექტო დოკუმენტები, რომელთა გახორციელებასაც სააგენტო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, უახლოესი მომავლიდან დაიწყებს.