Georgian Airways-ი ევროპულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეებს ზრდის

2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
„ფრენის სიხშირის მომატება თბილისი – ამსტერდამი – თბილისის, თბილისი – ვენა – თბილისის, თბილისი – ბოლონია – თბილისის, თბილისი – ბარსელონა – თბილისის, თბილისი – ბრიუსელი – თბილისისა და თბილისი – პრაღა – თბილისის საჰაერო ხაზებს შეეხებათ. რეგულარული რეისები თითოეული მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით გახორციელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა“,- აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
მათივე ცნობით, ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეგულარულ რეისებს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით განაახლებს და ფრენებს 7 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) შეასრულებს.
ფრენები Boeing B737, Embraer E190 და E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით გახორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Georgian Airways-ს ზემოთ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გახორციელების ნებართვა 2019 წლის 21 მარტს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები