„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლო „VTB ბანკის“ მაღალი მენეჯმენტის 5 პირს მოწმის სახით დაკითხვას

სასამართლო „VTB ბანკის“ მაღალი მენეჯმენტის 5 პირს მოწმის სახით დაკითხვას- ამის შესახებ ინფორმაციას “ახალგაზრდა ადვოკატები” ავრცელებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების ფაქტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. 2019 წლის 22 მარტის სხდომაზე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბანკის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირველი სასარჩელო მოთხოვნის – შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში, დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე, განუხილველად დატოვების თაობაზე და აღინიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო დავის ყველა გარემოების კვლევის შედეგად. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროცესის მონაწილე მხარეების შუამდგომლობა მოწმის სახით ბანკის მაღალი მენეჯმენტის დაკითხვასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მოთხოვნით, საქმეზე დაიკითხება: ირინა ხელაია, მერაბ ჭიბოშვილი, ვერიკო ბოჭორიშვილი და მამუკა ქავზინაძე. ბანკის მოთხოვნით, საქმეზე დაიკითხება ანრი გოგსაძე. სასამართლო, მომდევნო სხდომაზე, მხარეთა შორის წარდგენილ და სხვა ახალ შუამდგომლობებზე იმსჯელებს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ბანკის ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სხდომის დაწყების პროცესში გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ „VTB ბანკ ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენჯმენტი ცდილობს, დავის ირგვლივ ახალი ამბების სააგენტოების მიმართ მიწოდებული ორგანიზაციის საჯარო განცხადებები საჯარო სივრციდან მოხსნას, რაც გამოწვეულია ერთგვარად შექმნილი პანიკით და ქეისის საჯარო სივრცეში გახმაურებით გამოწვეული დისკომფორტის გამო. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბანკი ამ მიმართულებით, ხელმოცარული დარჩება, ვინაიდან შეუძლებელია სოციალური მედიის პირობებში, სიმართლე დაიმალოს. მისივე თქმით, სასამართლოდან გამოთხოვილ იქნება სხდომის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ვინაიდან მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი პროცესის საჯაროობა და დაკმაყოფილებული – საჯარო ინტერესი.
საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ ბანკიდან მენეჯერის გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გახდა ბანკის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთგზის გამოხატული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სოციალური კუთვნილება. ბანკმა არ მოახდინა მენეჯერის არც ერთ წერილობით მიმართვაზე რეაგირება. მოკვლევის გარეშე დარჩა დისკრიმინაციის ფაქტები. ბანკში შექმნილმა არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მწვავე ასახვა ჰპოვა გათავისუფლებულის ჯანმრთელობაზე, რასაც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ცნობები. დასაქმებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება უწევდა თავად ბანკის შენობაშიც, თუმცა ბანკმა არც ერთი შემთხვევაში ჯანსაღი შრომის პირობების შექმნისთვის სათანადო ზომები არ მიიღო, რითაც დაირღვა კანონი, შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1 მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხარემ მხოლოდ ადვოკატის დახმარებით, 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.
ცნობისთვის: საქმეზე მოთხოვნილია დისკირიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა. სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. 2018 წლის 6 თებერვალს შედგა პირველი სხდომა. 2019 წელს საქმეზე შეიცვალა განმხილველი მოსამართლე და მას ამჟამად მაია გიგაური განიხილავს. საქმეზე წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ანა ფუტკარაძე ახორციელებენ.მომდევნო სხდომა 2019 წლის 24 აპრილს, 13:00 საათზე გაგრძელდება”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები