,,ქიზიყი” – საპონი კახეთიდან, რომელიც დუბაიში გაიყიდება
ზეთისხილის მწარმოებელმა კომპანია „ჯეოლაივმა“ მომხმარებელს ზეთისხილისგან, ლავანდისგან და ციტრუსისგან დამზადებული საპონი „ქიზიყი“ შესთავაზა. პროდუქცია აპრილის ბოლოს დუბაიში ექსპორტზე გაიყიდება.
საპნის ყიდვა ამჟამად „აგროჰაბში“, „გუდვილში“ და „ნიკორაში“ არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე პროდუქციის ღირებულება 1.20-დან 3-ლარამდე მერყეობს.
ამ ეტაპზე ბაზარზე ჯამში 25 ათასი ცალი საპონი გამოვიდა, ხოლო სამ წელში მილიონამდე საპნის წარმოება იგეგმება და ახალი პროდუქციის გამოშვებაში კომპანიამ ნახევარ მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ზეთისხილის საწარმო „ჯეოლაივმა“ კარფურის ცენტრალური ოფისისგან ლოგოს გამოყენების უფლება 2018 წლის ბოლოს მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ,,კარფურის” მაღაზიათა ქსელია წარმოდგენილი, ქართული ზეთისხილი და ზეთისხილის ზეთი შეიტანოს.
კომპანიას ზეთისხილის ნერგები 50 ჰექტარზე აქვს გაშენებული. „ჯეოლაივი“ რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული. ძირითადი პლანტაციები და ქარხანა კახეთშია განთავსებული. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია. ამჟამად ქართული ზეთისხილის ზეთი და ზეთისხილი “კარფურში”, “გუდვილში”, “ნიკორაში” და “აგროჰაბში” შედის.