გიორგი გახარია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პედრო სერანოს; საქართველოში ევროკავშირის მისიის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებსა და სხვა დელეგატებს შეხვდა

0
საქართველოს ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს, პედრო სერანოს; საქართველოში ევროკავშირის მისიის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებსა და სხვა დელეგატებს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის – ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს და, ამ მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. გადასასვლელების დახურვის უპრეცედენტო, ნეგატიურ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ადამიანთა უკანონოდ დაკავებებსა და „ბორდერიზაციის” პროცესს, ასევე – ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
გიორგი გახარიამ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობისა და ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი