გიორგი ქობულიამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ოფიციალურად გახსნა
სასტუმრო „ბილტმორში”, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა ოფიციალურად გაიხსნა. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ წარმოთქვა, რომელიც ბელარუსის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან, მიხაილ რუსისთან ერთად, აღნიშნული კომისიის თანათავმჯდომარეა.
თავის მისალმებაში, გიორგი ქობულიამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ბელარუსთან, როგორც მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორთან, თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. მან ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ, დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, აგრეთვე – ინვესტიციების გახორციელებისა და ერთობლივი საწარმოების ორგანიზების მიმართულებით.
ამ მხრივ, მინისტრმა აქცენტი გააკეთა რამდენიმე ორმხრივ პროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ვაჭრობისა და წარმოების სფეროების დაახლოებას საქართველოსა და ბელარუსს შორის.
გიორგი ქობულიამ მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარეს ბელარუსში შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების” ამოქმედებისთვის, რომელიც, უახლოეს პერიოდში, მინსკში, საქართველოს სავაჭრო ცენტრს გახსნის. აღნიშნულ კომპანიას მიენიჭა საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის გახორციელების უფლება. აღსანიშნია, რომ საქართველოს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები.
გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტის გახორციელება ბელარუსის დედაქალაქში და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს როგორც საქართველოდან პროდუქციის ექსპორტს ბელარუსში, ასევე დადებითად აისახება საქართველოს ცნობადობაზე, რაც, ასევე, პოზიტიურად იმოქმედებს ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ეკონომიკის მინისტრმა, ასევე, ყურადღება ქართულ – ბელარუსულ ერთობლივ საწარმოზე გაამახვილა, რომელიც საქართველოში ლიფტებს აწყობს.
კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც გიორგი ქობულია თავის გამოსვლაში შეეხო, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა იყო. მისი თქმით, ბელარუსი საქართველოს ტოპ.ოცეული ქვეყნების სიაში, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, მეთერთმეტე ადგილზეა. 2018 წელს, საქართველოში ბელარუსიდან, წინა წელთან შედარებით, 43%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.
მისალმების დასასრულ, მინისტრმა ორმხრივი კომისიის წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივად მომგებიანი გახდება.