თეა წულუკიანი: იუსტიციის სახლის ყველა ფილიალი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირების თავისუფლად გადაადგილებისთვის

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო. „საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომელი გადამზადდა; ჯამურად, 750. შემუშავებული ტრენინგმოდული იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი გახდა, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს. სპეციალურად იუსტიციის სახლისათვის, 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტები შეიქმნა. ახალი ჟესტები ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში, რომელიც შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს; შექმნილია შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეომასალა; ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა. ისინი ყრუ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან, რამაც სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაამარტივა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურება ჟესტურ ენაზე 200-მდე მომხმარებელმა მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გახორციელებული სამუშაოების ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლი ადაპტირდა უსინათლო და მცირემხედველი პირების დამოუკიდებლად გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით: დაიგო ტაქტილური ბილიკები მომსახურების დარბაზსა და შემოსასვლელ ტერიტორიაზე; შეიქმნა სანავიგაციო ტაქტილური რუკა, მიმართულების მანიშნებელი სადგამები და ოთახის დასახელებები ბრაილის წარწერით; დაიდგა სპეციალური მაგიდები საკონსულტაციო სივრცეში; განთავსდა მანიშნებლები შენობაში არსებულ კიბეებსა და მინებზე. დოკუმენტის წაკითხვა იუსტიციის სახლში მოსულ უსინათლო და მცირემხედველ პირს ბრაილის პრინტერის გამოყენებით შეუძლია. ადაპტირდა იუსტიციის სახლის ვებგვერდი უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ხმოვანი, ზრდადი და კონტრასტული ფუნქციების დამატებით. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში განთავსებულია ეტლები და მოწყობილია პანდუსები, საპირფარეშოები. შენობის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე პირების თავისუფლად გადაადგილებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები