მამუკა ბახტაძე: ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ ბელარუსთან სავაჭრო მოცულობა, მინიმუმ, გავაორმაგოთ

“ძალიან მიხარია, რომ დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერება მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომელთა  მიხედვითაც, საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ბელარუსული პროდუქციის გამოფენაზე “Made in Belarus” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გამოფენა ოფიციალურად ბელარუსის რესპუბლიკის ვიცეპრემიერთან, მიხეილ რუსისთან ერთად გახსნა. გამოფენასთან ერთად, თბილისი საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმსაც მასპინძლობს, რომელშიც 150-მდე ბელარუსული კომპანია მონაწილეობს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ მსგავსმა ექსპოზიციებმა და ბიზნესფორუმებმა დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტივიების საქართველოში​ შემოსვლა უნდა უზრუნველყოს.
„დღევანდელი გამოფენისა და ბიზნესფორუმის შედეგად, კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მივიღებთ ბელარუსიდან და, რაც მთავარია, ვუმასპინძლებთ მეტ ტურისტს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც შემდგომ წლებში იქნება საქართველოსა და ბელარუსს შორის, ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის როგორც ბელარუსში, ასევე – საქართველოში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრის თქმით, აღნიშნული გამოფენა კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ქართული კომპანიებისთვის ბელარუსულ საწარმოებთან საქმიანი კავშირის დასამყარებლად, არამედ – ქართველი მომხმარებლებისთვის, რათა მათ უკეთ გაიცნონ ბელარუსული პროდუქცია.
„ძალიან მიხარია, რომ ეს გამოფენა კარგ ტრადიციად იქცა ჩვენს ქალაქში. ჩვენ და ბელარუსებს განსაკუთრებით მეგობრული და თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს და ჩვენ ამით ვამაყობთ. დღეს, საქართველოში ბელარუსიდან 150 კომპანია გვეწვია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს დიდი პოტენციალი აქვს. მიხარია, რომ სავაჭრო ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის იზრდება. ჩვენ დღეს იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. გვაქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა ორ ქვეყანას შორის, მინიმუმ, გავაორმაგოთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბელარუსული პროდუქციის გამოფენაში “Made in Belarus”-ი, რომელიც საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” იმართება, 75-მდე ბელარუსული კომპანია და საწარმო მონაწილეობს. გამოფენაზე ბელარუსული სოფლის მეურნეობის ტექნიკა, ელექტროავტობუსები, ასევე – ბელარუსული სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციები, ფარმაცევტული, საკვები და სხვა პროდუქტებია წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები