“ჩვენსავით ბრმად არ ენდოთ თაღლითებს” – უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, თაღლითობის მსხვერპლი გახდა

0

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მელორ. კ, რომელიც კანადაში დასაქმების მიზნით ერთ-ერთ პირს დაუკავშირდა, სავარაუდოდ, თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. შესაბამისი ინფორმაცია “კვირას” მისმა მეუღლემ მიაწოდა.
როგორც ქალბატონი ჰყვება, მათ კანადაში დასაქმების მსურველთათვის განცხადება სოციალურ ქსელში ნახეს და მის ავტორს დაუკავშირდნენ, რომელმაც, თავის მხრივ, მელორ.კ, სავარაუდოდ, კანადაში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მამაკაცთან დააკავშირა და უთხრა, რომ კანადაში გასამგზავრებელ ყველა პროცედურას სწორედ ის მოუგვარებდა. თუმცა, როგორც მელორ.კ-ს მეუღლის მონაყოლიდან ირკვევა, ვითარება სხვაგვარად განვითარდა.
“ჩემი მეუღლე დროებით ცხოვრობს ვარშავაში და იქ მუშაობდა. “ფეისბუქზე” მარი მალაზონიას სახელითა და გვარით დარეგისტრირებულმა ადამიანმა დაწერა, რომ კონკრეტულ ადამიანს ხალხს უგზავნიდა კანადაში, რომელიც ამ ხალხის ადგილზე დასაქმებას უზრუნველყოფდა, მაგალითად – მშენებლობაზე. დავინტერესდით და დავუკავშირდით ამ ქალს, რომელმაც მოგვცა ვიღაც ბიჭის, ვინმე ალექსანდრეს “ვაიბერის” მისამართი და გვითხრა, რომ მას დავკონტაქტებოდით. ასეც მოვიქეცით. ამ ბიჭმა ჩემს ქმარს უთხრა – ვარშავიდან ჩადი კიევში, იქ დაგხვდება ჩემი ახლობელი ქალბატონი, რომელსაც კანადის მოქალაქეობა აქვს. ის, როგორც მის საქმროს, ისე წამოგიყვანს კანადაში და თქვით, რომ მან კანადა უნდა დაგათვალიერებინოსო. ისიც უთხრა, თან 3 ათას ევრომდე იქონიეო. მანამდე, პირადი დოკუმენტაცია გააგზავნინა. უთხრა კანადის ვიზაზე განაცხადს შევატანინებ კიევში, საელჩოშიო. ბრმად ვენდეთ და მართლაც გავუგზავნეთ შესაბამისად დამოწმებული პირადი დოკუმენტაცია. როცა ჩემმა ქმარმა კიევში დააპირა წასვლა, იმ ბიჭმა თავისი ახლობელი ქალის ნომერი მისცა. ამ ქალმა ჩემს ქმარს დაურეკა და უთხრა – მე დაგხვდები და ბილეთს გაყიდინებო. ჩემს მეუღლეს უთქვამს, რომ ბილეთის შეძენაში დახმარება არ სჭირდებოდა, რადგან მეგობრები ჰყავს კიევში. მას შემდეგ, რაც ჩემმა ქმარმა დახვედრასა და ბილეთის შეძენაში დახმარებაზე უარი უთხრა, ის ქალიც დაიკარგა და ის ბიჭიც. მანამდე, იმ ბიჭმა ისიც უთხრა ჩემ ქმარს – თუ ვიზა არ გამოვიდა, შემიძლია, ისეც გადაგიყვანოო. ასე, ბრმად ვენდეთ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქმე გვაქვს თაღლითებთან. ის კაცი ჩემს ქმარს აიმედებდა (ხმოვანი მესიჯიც მაქვს), რომ საშიში და სარისკო არაფერი იყო და ის გოგო დახვდებოდა კიევში. მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი კიევში ჩავიდა, ამ ბიჭს ვურეკავდით ვიზასა და კანადაში წასვლასთან დაკავშირებით. “ვაიბერში” არ გვპასუხობდა. მერე მომწერა – ხომ ხედავ, არ გპასუხობ, რაღას მირეკავ, სულ დაკარგეთ საქართველოში ზრდილობაო?! მერე ჩემმა სიძემაც მისწერა თავისი ნომრიდან – ისიც დაბლოკა. წინასწარ არ გადაგვიხდია თანხა, თუმცა, კიევში ჩასვლით, 500-600 დოლარი იზარალა. მინდ,ა ყველამ გაიგოს და ჩვენსავით ბრმად არ ენდოს ასეთ თაღლითებს. ამ მარი მალაზონიაზე რომ მოვიკითხე, ვინმემ ხომ არ იცოდა, ვინ იყო და რას საქმიანობდა, ვიღაცებმა მითხრეს, რომ ტრეფიკინგს ეწეოდაო. უფრო მძიმე ბრალდებებიც მოვისმინე მასზე”, – აცხადებს მელორ.კ-ს მეუღლე.
“კვირამ” მამაკაცთან, ვინმე ალექსანდრესთანაც სცადა დაკავშირება; თუმცა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი