ივანე მაჭავარიანი ჰონგ-კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს, ედვარდ იაუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას ხელმძღვანელობს.
დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა და ქართველ პარტნიორებთან შესაძლო ბიზნეს-კავშირების დამყარებაა.
„მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას. აღსანიშნია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ- კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტი 2019 წლის თებერვლიდან უკვე ძალაშია და მისი მიზანია ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინვესტიციო და ბიზნესკავშირების გააქტიურების პერსპექტივას, პარტნიორობის საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და მეწარმეობის განვითარება, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და სხვა.
უწყების ცნობით, ივანე მაჭავარიანმა სტუმარს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით გახორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებისა და წარმატების გაზიარება, რომელიც ჰონგ-კონგს როგორც მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს აქვს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით – „ერთი სარტყელი – ერთი გზის” ინიციატივის” ფარგლებში.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, რაც, უახლოეს წლებში, ხელს შეუწყობს გაძლიერდეს საქართველოს როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალი.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში გამართული პანელი „ინვესტირების შესაძლებლობები საქართველოში” კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მიმართ დაინტერესებასa და საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები