“სამხედრო სამსახურის გადავადებით 5 მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეღოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6 908 წარმომადგენელი სარგებლობს”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, სამხედრო სამსახურის გადავადებით ხუთი მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეღოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6 908 წარმომადგენელი სარგებლობს. ამით, მისივე შეფასებით, ამ კონკრეტული მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენება ხდება. „მესმის, რომ პროექტი, რომელიც წარმოვადგინე, მგრძნობიარე თემას ეხება – ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, მოგიწოდებთ ყველას, ნუ მოვახდენთ საკითხის ხელოვნურად გამწვავებას, რამდენადაც ორივე თემა – როგორც რელიგიური, ისე გაწვევის საკითხი – ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, ეჭვი არავის გეპარებათ – ჩემი კეთილი მიზანი არ ყოფილა, რომ, რაიმე ფორმით, შექმნილიყო ისეთი მოცემულობა, რომ ვინმეს გასჩენოდა დისკრიმინაციული წარმოდგენა. მაგრამ, მეორე მხრივ, რეალობა არის სამწუხარო – როცა, ფაქტობრივად, ამ ფსევდორელიგიური ორგანიზაციების მხრიდან გახორციელებული ქმედებების გამო, შეიძლება, გაწვევა მთლიანად ჩაგვივარდეს. ​მოგიყვანთ სტატისტიკურ მონაცემებს. დღევანდელი მოცემულობით, ამ მუხლით სარგებლობს ხუთი მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეღოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6 908 წარმომადგენელი. კანონმდებელს, თავის დროზე, კეთილი მიზანი ჰქონდა, სასულიერო პირებს ჰქონოდათ საშუალება, არ წასულიყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში და ემოღვაწევათ თავიანთ სასულიერო გარემოში. ამ შემთხვევაში, ამ მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენება ხდება. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები