ზაალ ანჯაფარიძე: საპენსიო რეფორმის ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ, რომ ეს ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე საპენსიო რეფორმას აფასებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში საპენსიო რეფორმის დაწყება გარდაუვალი იყო.
– თქვენი აზრით, რამდენად სწორად იქნა შერჩეული დრო დაგროვებით პენსიაზე გადასასვლელად?
საპენსიო რეფორმა რომ უნდა დაწყებულიყო, ეს ისედაც ცხადი იყო, რადგანაც ჩვენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვნერგავთ ჩვენს ქვეყანაში იმ პრაქტიკებს, რაც უკვე კარგა ხანია, მოქმედებს ევროკავშირში და სხვა მეტნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში.
– ის არგუმენტი, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ სხვადასხვა წარმატებით იმუშავა, რატომ უნდა გახდეს შემაკავებელი ფაქტორი?
ასეთ ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ, იმის შიშით, რომ რეფორმა შეიძლება, წარუმატებელი აღმოჩნდეს, საერთოდ ვერცერთ სფეროში უნდა დავიწყოთ რეფორმა. საპენსიო რეფორმის ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ, რომ ეს ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ საპენსიო რეფორმა არის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020“ შემადგენელი ნაწილი და ის აუცილებლად უნდა გახორციელებულიყო. ჩემი აზრით, ეს რეფორმა ცოტა ადრეც უნდა დაწყებულიყო, რაც მეტ დროს მისცემდა მთავრობას, დაკვირვებოდა მის მიმდინარეობასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, კორექტივები შეეტანა. რამდენადაც ვიცი, დაგროვებით საპენსიო სისტემის მოდელზე საქართველო, ჯერ კიდევ, 2017 წელს უნდა გადასულიყო. დაგროვებითი საპენსიო სისტემის 2019 წელს დაწყებისათვის, სავარაუდოდ, მხედველობაში იქნა მიღებული ყველა სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის – მოსახლეობის შემოსავლების დინამიკაც, ინფლაციური პროცესები, ეროვნული ვალუტის რყევები და ა.შ. აქვე ისიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფცია გუშინ და გუშინწინ არ შექმნილა და მის დანერგვაზე მთავრობა 2014 წლიდან მუშაობდა.
– რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსახლეობამ – განსაკუთრებით, იმ ნაწილმა, რომელიც ჯერ კიდევ მერყეობს დაგროვებითი საპენსიო სქემაში ჩართვაზე – ირწმუნოს ამ სისტემის სიკეთე?
ვფიქრობ, ამისათვის საჭიროა, რომ მოსახლეობას მისთვის გასაგებ ენაზე და გულწრფელად ავუხსნათ დაგროვებით საპენსიო სისტემის როგორც სარგებელი, ისევე – მოსალოდნელი რისკები, რაც, პირველ ეტაპზე, თან ახლავს ნებისმიერ რეფორმას. მოგეხსენებათ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამა წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა და, ამ მომენტისთვის, საპენსიო ფონდში უკვე 100 მილიონი ლარია აკუმულირებული, რაც არ არის ცოტა. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ – დარიცხულ 1000 ლარზე დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული პირი გადადებს, დაზოგავს 16 ლარს. დაგროვებითი საპენსიო სქემის სარგებელს მოქალაქე მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ იგრძნობს. ამ ეტაპზე კი, მთავარია, მას გაუჩნდეს ნდობა ამ სისტემის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, რის თანახმადაც, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის, საპენსიო რეფორმა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ნებაყოფლობითი. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს. ფონდი აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები