,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა“ – ბრიტანეთის საბჭო ახალი ციკლის პრეზენტაციას უმასპინძლებს

19 მარტს, 15:00 საათზე,  სასტუმრო „რუმსი თბილისში“, ბრიტანეთის საბჭო ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამის“ მეორე ციკლს იწყებს საქართველოსა და კიდევ 6 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში. ესენია: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
19 მარტს, სასტუმრო „რუმსში“, გაიმართება პრეზენტაცია საქართველოში არსებული იმ უმაღლესი სასწავლებლებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პროგრამაში ჩართვითა და ბრიტანულ ინსტიტუციებთან პარტნიორობით არის დაინტერესებული.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ საუნივერსიტეტო პარტნიორობის განვითარების მიზნით გამოცხადებული ღია კონკურსის პირობებს და დაუსვან კითხვები როგორც ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს, ისე – პირველ წელს საქართველოდან შერჩეული პარტნიორობების წარმომადგენლებს.
„ჩვენი სურვილია სამეწარმეო განათლების ცენტრების შექმნა საუნივერსიტეტო და ინსტიტუციური პარტნიორობების საშუალებით დიდ ბრიტანეთსა და პროგრამის მონაწილე 7 ქვეყანაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ, წელსაც, ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა იურიდიული სტატუსის მქონე შემოქმედებით ინსტიტუციას, მაგალითად – ადგილობრივი მმართველობისა და მუნიციპალიტეტების კულტურის დეპარტამენტებს, არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი’’  მთავარ მიზნად კვალავაც რჩება უმაღლესი განათლების რეფორმისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ისე – სხვა მონაწილე ქვეყნებში. თუმცა, საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არსებობს. რამდენადაც შარშანდელი 6 პარტნიორობა საქართველოდან საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო, ამდენად ვიმედოვნებთ, რომ, წელსაც, ჩვენზე ბევრად მრავალრიცხოვან ქვეყნებს გავუწევთ კონკურენციას.

ინფორმაცია პროგრამის შესახებ
„შემოქმედებითი ნაპერწკალი“: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის არის 5-წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. აღნიშნულ შვიდ ქვეყანაში, უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობისა და უმუშევრობის სტატისტიკის საპასუხოდ, ვიყენებთ დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას სამეწარმეო განათლების სფეროს გასავითარებლად.
პროგრამას აქვს სამი ძირითადი მიზანი:
• უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობების ჩამოყალიბება შერჩეულ უნივერსიტეტებში მეწარმეობის განვითარების ცენტრების შექმნის მიზნით;
• სამეწარმეო უნარების განვითარების ტრეინინგების სერიის ჩატარება სტუდენტებისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის;
• ინგლისური ენის დამხმარე ონლაინკურსების სერიის ჩატარება უკვე არსებული ონლაინპლატფორმებისა და ახლადშექმნილი კურსის საშუალებით.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ წელს დავამატეთ ახალი კომპონენტი Enterprise English Clubs – საპილოტო პროგრამა, რაც გულისხმობს შემდეგს: 2019 წლის ივლისში, ღია კონკურსის წესით დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეეძლება, შემოიტანოს განაცხადი და გახდეს საპილოტე პროგრამის მასპინძელი ორგანიზაცია. ამ და სხვა არაჩვეულებრივი შესაძლებლობების გასაცნობად სასურველია, მაქსიმალურად ბევრი ორგანიზაცია დაესწროს 19 მარტს დაგეგმილ პრეზენტაციას”, – აცხადებენ ბრიტანეთის საბჭოში.

მის: კოსტავას ქ N14,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები