არჩილ თალაკვაძე: სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით კარგად შეჯერებულ, პასუხისმგებლიან და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე ბევრი უსაფუძვლო თავდასხმა იყო.
მისივე თქმით, სესიაშვილის კანონპროექტში, კონკრეტულად, არანაირი გამონაკლისი არის დაშვებული. „საინტერესოა, ადამიანებს, ვინც ასე ხელაღებით აკრიტიკებდნენ ირაკლი სესიაშვილს, ჰქონდათ თუ არა მისი ინიციატივა წაკითხული, ვინაიდან მასში ყველა კონფესიის მიმართ თანაბარი მიდგომაა. მის კანონპროექტში, კონკრეტულად, არანაირი გამონაკლისი არის დაშვებული. თუმცა, ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მსჯელობა გვქონდა და არსებითად გავითვალისწინებთ ყველა საკითხსა და მოსაზრებებს, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჟღერდა. გაწვევასთან დაკავშირებით კარგად შეჯერებულ, პასუხისმგებლიან და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ატარებს. უახლოეს მომავალში, ველით, რომ ახალწვეულთათვის თანამედროვე, მიმზიდველი და საინტერესო საბაზისო მომზადების პროგრამა იქნება და, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება საკითხი ის, ახალგაზრდებს უნდათ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის თანახმად, უნდა გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზეა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები