ლევან იზორია სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, თემაზე „განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სტუმრებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სერჟანტთა კორპუსის განათლების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. მისი განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები პრინციპის – მეტი ნატო საქართველოში – კონკრეტული გამოხატულებაა.
„ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის კავშირი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს – ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას ემსახურება“,- აღნიშნა იზორიამ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძეც მიესალმნენ.
„რიგით მე-3 სამუშაო შეხვედრის მიზანი პარტნიორი ქვეყნებისათვის სერჟანტთა განვითარების ჩარჩო დოკუმენტის გაცნობა, სერჟანტთა საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხის და სერჟანტთა განათლების ინიციატივების ეროვნულ დონეზე განხილვა და მათი ორმხრივ ფორმატში განხორციელებაა. სამუშაო შეხვედრას 15 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავარი სერჟანტები, ასევე ნატოს ოპერაციების და ტრანსფორმაციის სარდლობების (Allied Command Operations and Allied Command Transformation) მთავარი სერჟანტები”,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა 2017 წელს ჩატარდა, სადაც სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის პროგრამა განიხილეს. მე-2 სამუშაო შეხვედრა კი, 2018 წელს ჩატარდა. მხარეებმა ნატო-ს პარტნიორი და წევრი ქვეყნების (PFP) სერჟანტთა განათლება და 21-ე საუკუნის გამოწვევებზე გამართეს დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები