პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა – განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის ბავშვებისთვის რეგისტრაციის I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.
აღნიშნულ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ; სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მომართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც, მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.
უწყების ცნობით, 8-დან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელსა და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ბრძანებით მოახდენს. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაახორციელონ. ჩარიცხვის, ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი 25-დან 30 აპრილის ჩათვლით იქნება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ მიიჩნევა ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.
პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი 2-დან 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც, ერთდროულად, ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე, რეგისტრაცია საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ხორციელდება.
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გახორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.emis.ge. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია, ავტომატურად, გაუქმდება.
IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა, 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, სკოლაში გახორციელდება.
ამ ეტაპზე, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე, ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სასურველ სკოლაში მშობლებმა შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

გახორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები