სტუ-ის გერმანულენოვანი ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა „ჰაიდელბერგ ცემენტს“ პროექტები წარუდგინეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერმანულენოვანი ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტში“ პროექტების პრეზენტაცია გამართეს.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტის წარდგენას ესწრებოდნენ კომპანიის გენერალური დირექტორი, მიხაილ ჰამპელი და მენეჯმენტის წარმომადგენლები.
სტუ-ის ლოგისტიკის დეპარტამენტიდან პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფ. გიორგი დობორჯგინიძემ და მისმა გერმანელმა კოლეგამ, პროფ. ფრანკ გილერტმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტთა ოთხმა ჯგუფმა კომპანიას ცემენტის წარმოებაში სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის ოპტიმიზაციისა და ლოგისტიკური პროცესების გასაუმჯობესებლად სპეციალურად მომზადებული პროექტი „ჰაიდელბერ ცემენტს“ იმ ფაქტის გათვალისწინებით წარუდგინეს, რომ კომპანიამ, ახლახან, საწარმოს გადაიარაღება დაასრულა, რაშიც 100 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია გაახორციელა. სტუდენტებმა პრობლემების გადაჭრის იმ ინოვაციურ მეთოდებზე ისაუბრეს, რაც დაკავშირებულია დატვირთვის პროცესის ავტომატიზაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მენეჯმენტთან.
როგორც „ჰაიდელბერგ ცემენტის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ ჰამპელმა აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტებმა მოლოდინს გადააჭარბა.
„დაინტერესებული ვართ რიგი გადაწყვეტილებების იმპლემენტაციით ჩვენს წარმოებაში და ვფიქრობთ, რომ მათ დანერგვაში აქტიურად ჩაერთვებიან ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები“, – განაცხადა მიხაილ ჰამპელმა.
სტუ-ის ლოგისტიკის დეპარტამენტის პროფესორის, გიორგი დობორჯგინიძის თქმით, „ჰაიდელბერგ ცემენტმა“ სურვილი გამოთქვა, რომ, შემდეგი სემესტრიდან, ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა კომპანიაში სტაჟირება გაიარონ.
„კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ჩაერთონ საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში. ასევე, „ჰაიდელბერგ ცემენტი“ გეგმავს, სტუდენტებს დამატებითი გადამზადება შესთავაზოს როგორც საქართველოში, ასევე – გერმანიაში, დასაქმების პერსპექტივით“, – აღნიშნა გიორგი დობორჯგინიძემ.
გერმანულენოვანი ორდიპლომიანი ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს და წამყვან გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. წარმატებული სტუდენტები სწავლების გარკვეულ ეტაპებს გერმანიაში გადიან, რის შემდეგაც იღებენ TH WIldau-ს დიპლომებს აკადემიური ხარისხით – „ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში“. 2018 წლის სექტემბერში  ოთხი წარმატებული სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად უკვე გაემგზავრა ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები