გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესასწავლად არიან ჩამოსული.

დელეგაციას ხელმძღვანელობს ჰონგ კონგის (ჩინეთი) სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ.

ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის” ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ქვეყნის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. აღინიშნა ის უპირატესობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მოქმედების გამო. გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქართული და ჰონგ კონგის კომპანიები მიიღებენ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო ანგარიშებსა და სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებში.

ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით, მათ შორის, ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლებს შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები