დიღომში მდებარე ტექნიკის საწყობში მომხდარი ხანძრის ახალი დეტალები – ვინ არის ზურაბ მჭედლიძე

დიდ დიღომში მდებარე ტექნიკის საწყობში მომხდარ გუშინდელ ხანძართან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. “იმედის” ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული სწორედ დაშავებული ზურაბ მჭედლიძეა; თუმცა, აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დროისთვის, არ ადასტურებენ.
გამოძების ფარგლებში, საწყობის მფლობელი და ის მესაკუთრეები გამოიკითხნენ, რომელთა პროდუქციაც დაიწვა. თუმცა, მათ არ იციან, ვინ არის ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზურაბ მჭედლიძე. “იმედის” ინფორმაციით კი, ზ.მ.-მ საღამოს ათი საათისთვის შეაღწია ტექნიკის საწყობში, ინვენტარს წაუკიდა ცეცხლი და სიმაღლიდან გადახტა, რა დროსაც მან წვივის არეში მძიმე მოტეხილობა მიიღო. ამის შემდეგ, მან, სავარაუდოდ, გონება დაკარგა და ცეცხლმოკიდებული შენობიდან სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს. “იმედის” ცნობით, დაშავებული კლინიკაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ არის. გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმები. ასევე, მკაცრად კონტროლდება, თუ ვინ შედის პაციენტთან რეანიმაციულ განყოფილებაში.
ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, პაატა ნოზაძე, რომელსაც, ასევე, დასაწყობებული ჰქონდა ტექნიკა. როგორც ნოზაძე “იმედთან” საუბრისას აღნიშნავს, გამოძიების მთავარი კითხვები სწორედ ზურაბ მჭედლიძეს ეხებოდა; თუმცა, მან არ იცის, ვინ არის აღნიშნული პიროვნება.
რაც შეეხება ხანძრის განგებ გაჩენის სავარაუდო მოტივს – დაზარალებულ ბიზნესმენთა ნაწილი აცხადებს, რომ შენობის მფლობელებს შორის უკვე წლებია, არსებობს უთანხმოება. მიმდინარეობს სასამართლო დავები და ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ეს დავა ხანძრის განგებ გაჩენას უკავშირდებოდეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ დაკავებული არავინ არის. დამწვარ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინაკლისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.
ცნობისთვის, გუშინ, დიდ დიღომში მდებარე ტექნიკის საწყობში, 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა დაიწვა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც, ამ დრომდე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები