გოცირიძე ვაშაძეზე: მას აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი პარტიასა და ქვეყანაში -ეს არჩევნებზე დაამტკიცა

“ბუნებრივია, რომ ოპოზიციური ფლანგის ლიდერი და ლოკომოტივი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ენერგიის ჩადება პარტიულ პროცესში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ის განახლებულ პარტიასა და პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.
„ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ პარტია მართლაც არის აღმავლობის გზაზე. დაახლოებით, 900 ათასი ხმა მივიღეთ გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ბუნებრივია, რომ ოპოზიციური ფლანგის ლიდერი და ლოკომოტივი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ენერგიის ჩადება პარტიულ პროცესში.
საჭიროა სტრუქტურული გადაჯგუფება და თავმჯდომარის არჩევა. ამიტომ დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ესეც იქნება. მგონია, რომ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს. შეიძლება, რაღაც განსხვავებული აზრი იყოს, მაგრამ მას რომ აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი პარტიასა და ქვეყანაში – ეს არჩევნებზე დაამტკიცა. დიდი ენთუზიაზმით დავუჭერ მხარს პარტიის განახლებასა და ბატონ გრიგოლს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხელისუფლების კანდიდატის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ახალი ლიდერის გამოჩენა იყო.
„ლიდერი დაბადა პოლიტიკურმა ცხოვრებამ. ორი წლის წინ, გრიგოლ ვაშაძე არც მოიაზრებოდა და არც სურვილი ჰქონდა. დღეს ის არის ხალხის მიერ მხარდაჭერილი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
დღეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე პარტიის თავმჯდომარედ, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები