“ნიუსვიქი” საქართველოს “ევროპის ახალ კულტურული ჰაბს” უწოდებს (ფოტო)

ამერიკული გამოცემა “ნიუსვიქი” საქართველოს სტატიას უძღვნის და ქვეყანას “ევროპის ახალ კულტურულ ჰაბად” მოიხსენიებს. აქვე, სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველო 2019 წელსაც ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად დარჩება.
გამოცემა სტატიას წინანდალსა და ქართული ღვინის კულტურის მრავალწლიან ისტორიაზე საუბრით იწყებს და ავტორი აღნიშნავს, რომ, მთავარი ქალაქების გარდა, ტურისტების ყურადღებას წინანდალი აუცილებლად მიიქცევს.
„თბილისთან და ბათუმთან ერთად, მოგზაურების დროს, ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს წინანდალი, რომელსაც, დიდი ხნის მანძილზე, ღვინის კულტურის სამშობლოდ მიიჩნევდნენ“, – წერს „ნიუსვიქი“.
„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც 8 000 წლის წინ შემუშავებული ღვინის დაყენების მეთოდები არათუ დაივიწყეს, არამედ დღემდე იყენებენ და ბევრი კომპონენტით შეიძლება, მსოფლიოში საუკეთესოდაც კი მივიჩნიოთ“, – აცხადებს ენოლოგი ენდრიუ ჯეფორდი გამოცემასთან საუბრისას.
სტატიაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ თბილისიდან 70 კილომეტრში მდებარე წინანდალი, სულ ცოტა ხანში, ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორც ესპანეთისთვის ბილბაოა.
„რაც ბილბაომ გააკეთა ხელოვნებისთვის, ამას კლასიკური მუსიკისთვის გააკეთებს წინანდალი იმ კულტურული ფესტივალით, რომელიც 2019 წლის სექტემბერშია დაგეგმილი“, – წერს სტატიის ავტორი.
თუმცა, ავტორი ტურისტებს ურჩევს, რომ საქართველოში მოგზაურობა, აუცილებლად, თბილისით დაიწყონ.
„თბილისი უკვე დიდი ხანია, იქცა ჰიფსტერების დამაკავშირებელ ადგილად. ჩვენ არ ვსაუბრობთ 2000-იან წლებში დაბადებული ადამიანების თაობაზე, არამედ – 1995 წლის შემდეგ დაბადებულ მოგზაურებზე. მათ მოსწონთ პატარა ქუჩები, შუასაუკუნეების ეკლესიები და ისტორია, რომელიც აქ ყველგანაა. მათ მოსწონთ, რომ თბილისი ჯერ არ არის გადავსებული ტურისტებით. ისინი სადილობენ კაფეებში და აწყობენ ღამის წვეულებებს, სადაც აუცილებლად მიირთმევენ ჭაჭას“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი ტურისტებს ურჩევს, მოინახულონ ვერაზე მდებარე სასტუმრო „სტამბა“ და ნარიყალას ციხესიმაგრე.
„შემდეგ მოიქეცით ისე, როგორც თბილისელები იქცევიან – ესტუმრეთ იმ ცნობილი გოგირდის აბანოებიდან ერთ-ერთს, რომელიც გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარეობს“, – წერს „ნიუსვიქი“.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამის შემდეგ, მოგზაურებმა უნდა გადაინაცვლონ წინანდალში, რომელსაც ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, ალექსანდრ დიუმამ, „სამოთხის ბაღი“ უწოდა.
„წინანდალი მეთერთმეტე საუკუნიდან ევროპის მთავარი კულტურული ცენტრი გახლდათ, ხოლო თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ თავის სახლი მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის ცენტრად გადააქცია. არ გაგიკვირდეთ, თუ გაერო წინანდალს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები