სოფიო ბურნაძე: მივესალმები საპენსიო რეფორმას, რომლითაც შემიძლია, მოვახდინო საკუთარი ფინანსური რესურსის სწორი ინვესტირება

„საქართველოს, როგორც დასავლური კურსის მქონე ქვეყანას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რიგი გამოწვევები აქვს, რომელიც არაერთი სახელმწიფო სისტემის ევროსტანდარტებთან მიახლოებას მოიაზრებს“, – ამის შესახებ ჯემბორის პროგრამების ხელმძღვანელმა, სოფიო ბურნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის ნათელი მაგალითია ბოლო დროს გახორციელებული საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ხელფასიდან პროპორციული დანაზოგი გააკეთოს, რითაც დამსაქმებელი და სახელმწიფო პოტენციურ პენსიონერებზე პასუხიმგებლობას თანაბრად ინაწილებენ, მოზიდული ფინანსებით კი ბიზნესის ხელშეწყობა ხდება.
“აღნიშნული რეფორმით, დღევანდელი საპენსიო პრაქტიკა, რომელიც უფრო სოციალურ შემწეობას ჰგავს, იცვლება რეალური, ჯანსაღი საპენსიო სისტემით, სადაც მოქალაქეები მიიღებენ საკუთარი სტაჟის შესაბამის პენსიას. ეს ჩემთვის მისაღები და სამართლიანია, რადგან ვიცი, ჩემი ყოველთვიური ხელფასით შემიძლია, ვიზრუნო შორეულ მომავალზე და, შემდეგში, სახელმწიფოსგან მივიღო არა მხოლოდ დახმარება, არამედ ჩემი გაწეული შრომის შესაბამისად დაგროვილი დანაზოგიც გამოვიყენო. ეს მიღებული პრაქტიკაა ევროპის განვითარებული ქვეყნებისთვის და მოხარული ვარ, რომ ახლა უკვე ჩვენც გვეძლევა ამის შესაძლებლობა. ერთი წლის განმავლობაში, ვმუშობდი შვეიცარიაში და ინგლისში, სადაც ყველა ახალგაზრდა არის ჩართული მსგავს სისტემაში, რომლის მეშვეობითაც ნაწილობრივ გეგმავენ მომავალს. ამიტომ მეც მივესალმები ამ რეფორმას, რომლითაც შემიძლია, მოვახდინო საკუთარი ფინანსური რესურსის სწორი ინვესტირება. საპენსიო ასაკის დროს, ალბათ, არ ვიქნები ისეთი პროდუქტიული, ან არ მექნება მაღალი ანაზღაურება, როგორც დღეს; ამიტომ, შემეძლება, გამოვიყენო დანაზოგი საჭიროებისამებრ.
ახალი საპენსიო რეფორმა, სხვა სიკეთეებთან ერთად, მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ ის არის ამოსავალი წერტილი. სახელმწიფო და დამსაქმებელი თანაბრად ინაწილებენ პასუხიმგებლობას ჩემზე, როგორც პოტენციურ პენსიონერზე, რადგან ჩემი ხელფასიდან გაწეული დანაზოგი, ამ ორივე სუბიექტის დახმარებით, სამმაგი ოდენობით მიბრუნდება პირად ანგარიშზე. აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოში, განსხვავებით მრავალი სხვა ქვეყნებისგან, საპენსიო შენატანი დაბალი პროცენტით არის განსაზღვრული. ამიტომ, ყველას, მიუხედავად ხელფასის ოდენობისა, შეუძლია, ანაზღაურების პროპორციულად გააკეთოს თუნდაც მინიმალური დანაზოგი. სხვა მხრივ, ყველა მოქალაქის მიერ ყოველთვიურად გაწეული დანაზოგი, უბრალოდ, არ ინახება ფონდში და ის მოხმარდება ჯანსაღი ადგილობრივი კომპანიების დახმარებას, რაც მიზნად ისახავს ერთიანი შიდა პროდუქტის გაზრდას იმპორტის შემცირების ხარჯზე. ეს კი, შემდგომში, პირდაპირ აისახება ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და ეკონომიკის გაუმჯობესებაში”, – განაცხადა სოფიო ბურნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები